ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომაზე მისულმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ გათვალისწინებულია თამბაქოს აქციზის ეტაპობრივი და არა მყისიერი ზრდა.
ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 31 მაისს 1988 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება თამბაქოსგან თავისუფალი დღე:
“საქართველოში 15 მარტს შეიქმნა სამთავრობო კომისია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. ამავე დროს შექნილია სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს”– განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიას, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომზე განიხილეს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, სტრატეგია გულისხმობს თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას ორი მიმართულებით: “პირველი – მეტი საინფორმაციო კამპანია, მეტი კულტურის შეტანა იმ თვალსაზრისით, რომ შედგეს საზოგადოებრივი კონსენსუსი – თამბაქო ჯანმრთელობისთვის მავნეა. ხელი უნდა შეუწყონ იმ ადამიანებს, რომლებიც თამბაქოზე არიან დამოკიდებულნი, რომ მათ შეძლონ თამბაქოს მიტოვება.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს შეეხება საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვას. აქციზის ზრდა კი თანდათანობით მოხდება.ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდი თამბაქოზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის.”
გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელ კანონმდებლობაში არის აღნიშნული, რომ კაფეებში და რესტორნებში შენობის 50% უნდა იყოს გამოყოფილი მწეველებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, კანონს არ იცავენ.