4700 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთისთვის ითხოვდა “თაბორი რიზორთსი” სარეკრეაციო ზონა 2-ის მინიჭებას, რათა იქ მშენებლობის დაწყება გახდეს შესაძლებელი. მერიის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს საირიგაციო ნაგებობა გოლფის მოედნების მოსარწყავად. არქიტექტორის განმარტებით, თაბორი რიზორთსის კუთვნილ 40 000 ჰა-ზე შესაფერისი ადგილი ვერ მოძებნა საირიგაციო შენობის მოსაწყობად.
აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, თაბორის მთაზე განსახორციელებელი პროექტი შედგება ორი საკადასტრო ერთეულისგან, რომელთაგან ერთს “ფინსერვისი XXI” (100 000 კვ/მ), ხოლო მეორეს “თაბორი რეზორთსი” (297 576 კვ/მ) ფლობს. ორივე კომპანია დაკავშირებულია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან.
“თაბორი რეზორთსი” ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი თანაინვესტირების ფონდის შვილობილი კომპანიაა. “ფინსერვისი XXI”-ს კი ფლობს კომპანია, რომელიც, ამავდროულად, სოლოლაკში მდებარე იმ ბიზნესცენტრის მფლობელია, რომელშიც ივანიშვილი ცხოვრობს. 2016 წლის აპრილში ფინსერვისმა ბოტანიკურ ბაღს 4 ჰა ტერიტორია გაუცვალა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.