“როდესაც კანონდარღვევისთვის დავაკავე საკუთარი მოადგილე, რატომ არ შეიძლება დავაკავოთ თუნდაც ყოფილი მინისტრი ან პრემიერ–მინისტრი, თუ გაირკვა, რომ მან კანონი დაარღვია? ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დააპატიმრებენ თუ არა მას. ჩვენ საქართველოს მოსახლეობამ აგვირჩია, რომელიც სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. 2011 წლის 26 მაისს ქუჩაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ვინ უნდა აგოს პასუხი ამაზე? ხალხი გვთხოვს სამართლიანობის აღდგენას. ამ გარდაცვლილი ადამიანების მშობლები ქუჩაში არიან გამოსულები და პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით პროკურატურის წინ რიგში დგანან. მათ ასევე შეხვედრა უნდათ ჩემთან და რა პასუხი შემიძლია მათ გავცე? რომ მე ვერ დავაპატიმრებ ყოფილ პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ვერ აღვადგენ სამართლიანობას იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური და სენსიტიური საკითხია? ეს სამარცხვინო ფაქტია, ჩვენ გვაქვს ქვეყანა სადაც კანონის უზენაესობას პატივს უნდა სცემდნენ, ადამიანებს აწამებდნენ ციხეებში, აუპატიურებდნენ და ქუჩაში კლავდნენ. ვინ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი?” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპული პოლიტიკის ცენტრში საჯარო შეხვედრა-დისკუსია გამართა. შსს–ს ცნობით, შეხვედრის განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, პოლიციისა და იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე, მიგრაციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები. შეხვედრა გაიმართა ფონდში „ღია საზოგადოება”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დიპლომატიური კურპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა”, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი და სხვები.