ახალი ამბები

გუნავას საქმის მონაწილე სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

29 მაისი, 2013 • • 1683
გუნავას საქმის მონაწილე სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე მირიან თოფურია შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე იყო. სწორედ აღნიშნული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს თენგიზ გუნავა.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით საყვარელიძემ დღეს, 29 მაისს, “რუსთავი 2–ის” ეთერში განაცხადა, რომ მირიან თოფურია დააწინაურეს.

 

“გუნავას საქმეში მონაწილე ერთ–ერთი პიროვნება, რომელიც ხმამაღალი განცხადებით გაუშვეს სამსახურიდან თენგიზ გუნავას საქმის გამო, თუმცა, არ მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაწინაეურებული გვევლინება. ის გახლავთ კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე. ის გათავისუფლებული არ იყო, ის დროებით იყო ჩამოშორებული სამსახურებრივ მოვალეობას და მერე დაწინაურდა”, – განაცხადა დავით საყვარელიძემ მირიან თოფურიასთან დაკავშირებით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიცრუეს უწოდებს პარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებას და აცხადებს, რომ იმ პოლიციელებს შორის,

თენგიზ გუნავა
თენგიზ გუნავა

რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაათავისუფლა უწყებიდან გუნავას საქმესთან დაკავშირებული დარღვევების გამო, მირიან თოფურია არ არის.

 

თენგიზ გუნავა აცხადებდა, რომ მას იარაღი ჩაუდეს, ნარკოტიკი კი დაკითხვისას იძულებით მიაღებინეს. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო გამოძიება. გამოძიებით კი დაადგინეს, რომ არ დადასტურდა პოლიციელების მიერ გუნავასთვის იარაღის ჩადება. ერთადერთი დარღევა იყო დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების არასწორად შევსება, დროების არასწორად მითითება. პროკურატურამ ამის შემდეგ გუნავას წინააღმდეგ ამ საქმეზე შეწყვიტა საქმისწარმოება.

 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელი მირიან თოფურია უშუალოდ არ მონაწილეობდა გუნავას დაკავების ოპერაციაში და ის დარღვევების გამო არ გაუთავისუფლებიათ უწყებიდან, ის აღნიშნულ საქმეში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოქმედი პირია.

 

პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებულ დადგენილებაში დეტალურად წერია, თუ რა როლი ჰქონდა გუნავას საქმეში მირიან თოფურიას. დოკუმენტის მიხედვით, მირიან თოფურიამ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2012 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, შეადგინა პატაკი, რომლის მიხედვითაც თენგიზ გუნავა უნდა ყოფილიყო ქ.თბილისში, საბურთალოს ქ.№59ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა. პატაკს რეზოლუცია დაადო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი კიკალიშვილმა. მირიან თოფურიას პატაკის და გიორგი კიკალიშვილის რეზოლუციის საფუძველზე დაიწყო აღნიშნული საქმის გამოძიება. ამასთან, მირიან თოფურიას დავალებით შეიქმნა ჯგუფი დეტექტივ-გამომძიებლების: ბესიკ შარაშენიძის, ნიკა არგანაშვილის, გიორგი ბლიაძის, თევდორე შონიას და ნიკოლოზ შატაკიშვილის შემადგენლობით. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი