ახალი ამბები

იპოთეკარებისგან დაზარალებულები პარლამენტის თავმჯდომარეს დახმარებას თხოვენ

29 მაისი, 2013 • • 1152
იპოთეკარებისგან დაზარალებულები პარლამენტის თავმჯდომარეს დახმარებას თხოვენ

დღეს, 29 მაისს იპოთაკტებისგან დაზარალებულმა ოცდაათამდე მოქალაქეს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა. ისინი დავით უსუფაშვილს მთავრობასთან შუამდგომლობას, გამოსახლების პროცესის შეჩერებას და ბინების აუქციონზე გატანის პროცესის შეჩერებაში დახმარებას თხოვენ. დაზარალებულები უსუფაშვილს საქმის კონტროლზე აყვანას თხოვენ.

ერთ-ერთი დაზარალებული, ციცო ბალავაძე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს უყურადღებობაში ადანაშაულებს:

 

“თეა წულუკიანი გამოვიდა 4 თვის წინ და მოგვცა იმედი. მე ამის საფუძველზე მას გავუგზავნე წერილი, თავისი საბუთებით. 4 თვე გავიდა და პასუხი არ მომსვლია. 2 წერილი მაქვს გაგზავნილი. იმას კი არ ვთხოვდი, რომ ფულით დამეხმაროს, არა, ვითხოვ იმას, რომ მომცენ გრძელვადიანი და დაბალრპოცენტიანი სესხი, რომ შევძლო გადახდა. აი, ამას ვითხოვ მე მთავრობისგან, მეტს არაფერს ვითხოვ.”

 

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში შესაძლოა გამოასახლონ:

 

“იპოთეკით დავტვირთეთ ბინა, კერძო იპოთეკართან. 12 ათას დოლარად ჩავდეთ ბინა და 460 დოლარს ვიხდიდი ყოველ თვეში პროცენტის თანხას. 3 თვე არის, თანხა ვერ გადავიხადეთ. შვილი და რძალი თურქეთში წავიდნენ სამუშაოდ და ვერ აეწყვნენ. მისული ვიყავი იპოთეკართან და ერთი თვე მომცა ვადა, რომ არ გამომასახლოს და ეს ერთი თვე უკვე მთავრდება. ვარ მარტოხელა, მხოლოდ პენსია მაქვს.”

 

ანალოგიური მოთხოვნა აქვს კიდევ ერთ დაზარალებულს ჟუჟუნა ბერეკაშვილს. მისი თქმით, 1 ივნისს ბინის დაცლას მოთხოვენ:

 

“მაქვს სესხი აღებული “ჯორჯიან კაპიტალისგან”, 30 ათასი დოლარი. კერძო კომპანიაა, ხელფასი რომ არ გვქონდა, მაგიტომ მივადექით კერძოს, გადავიხადეთ პროცენტების ნაწილი, მერე ვეღარ გადავიხადეთ და პირგასამტეხლოებით თანხა 48 ათასზე ავიდა. სასამართლოც გავიარეთ და 1 ივნისამდე მაქვს ვადა, ახლა, ალბათ, გაყიდის ბინას და დავრჩებით ქუჩაში.  8 სული ვცხოვრობთ. ამ ბინებიდან არ გამოგვყარონ. იქნებ პირგასამტეხლოები ჩამოგვაჭრან და იმ ძირითადი თანხის გადახდა გაგვიწელონ დროში, რომ შევძლოთ გადახდა. საშუალება მოგვცეს მთავრობამ გადახდის, თორემ შემწეობას კი არ ვითხოვთ. ბინიდან არ გამოგვყარონ და საშუალება მოგვცენ გადახდის”.

იპოთეკარები პარლამენტთან
იპოთეკარები პარლამენტთან

მასალების გადაბეჭდვის წესი