ახალი ამბები

საერთაშორისო ექსპერტების საბოლოო ანგარიში ხუდონჰესის პროექტზე

29 მაისი, 2013 • 1203
საერთაშორისო ექსპერტების საბოლოო ანგარიში ხუდონჰესის პროექტზე

იმისთვის, რომ ხუდონჰესის მშენებლობის პროექტზე დამოუკიდებელ ექსპერტთა ობიექტური დასკვნა დადებულიყო, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით, ნიდერლანდების მთავრობას მიმართა. 

 

საბოლოოდ, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსებული დოკუმენტის განხილვაში, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA -Netherlands Commission on Environmental Assessment)საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩართო. 

 

ჯგუფის შემადგენლობაში გეოლოგი, სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების ექსპერტები, განსახლების და ენერგეტიკის საკითხების სპეციალისტები არიან. საბოლოოს ანგარიში ამ ჯგუფის რამდენიმე წევრმა დღეს, 29 მაისს წარმოადგინა. 

 

როგორც ჯგუფის წევრები აცხადებენ, მათ შეისწავლეს არსებული დოკუმენტის თეორიული ნაწილი, ჰქონდათ შეხვედრები ინვესტორ კომპანიასთან, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გარდა ამისა, მათივე განცხადებით, ისინი ეწვივნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ხელისუფლებას და ადგილზე შეისწავლეს საკითხები. 

 

ანგარიშის დაახლოებით, 90 გვერდიანი დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა საექსპერტო ჯგუფის წევრებმა და გარემოს დაცვის მინისტრმა იმ ძირითად დასკვნებზე და რეკომენდაციებზე ისაუბრეს, რომელიც აღნიშნულ ანგარიშში შევიდა. 

 

საერთაშორისო ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში არ არის წარმოდგენილი სხვადასხვა სახის საკვანძო ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად. მათივე დასკვნით, არსებული ხარვეზების გამოსწირებას სჭირდება დამატებითი კვლევებისა და შესწავლის განხორციელება. 


ანგარიშში შესულ საკვანძო საკითხებს შორისაა კომპენსაციასთან, განსახლებასთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სოციალური საკითხები. 


პროექტის მიხედვით, 14 დასახლებაა (იდლიანი, ხაიში, სკორმეთი, ლალხორალი, ტობარი, ლუხი, ქვედა წვირმინდი, დაკარი, ციცხვარი, შგედი, ლახანი, ლაჯრა, ნაკი), საიდანაც მოსახლეობის გამოსახლება გახდება საჭირო. ხაიშის, გაღმა ხაიხიშის, დაკარისა და ტობარი განსახლება იგეგმება სრულად, დანარჩენი დასახლებებიდან მხოლოდ რამდენიმე ოჯახის გასახლება. ჩასახლების სავარაუდო ტერიტორია კი, ჯერ არაა შერჩეული. გარდა ამისა, დატბორვის ზონაში შედის ასევე ეკლესია და სასაფლაოს ტერიტორია.


შესაბამისად, ექსპერტების რეკომენდაციით, ადამიანების პრობლემების იდენტიფიცირება და აღრიცხვა უნდა მოხდეს, განხორციელდეს შესაბამისი კვლევები, რომელიც მოსახლეობის აღწერას და ინვენტარიზაციას მოიცავს, უნდა მომზადდეს და გახორციელდეს განსახლების სამოქმედო გეგმა, და ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს განსახლების პროცესების სრული გამჭვირვალობა. 

 

საექპერტო ჯგუფის რეკომენდაციები კულტურული მემკვიდრეობის საკითხებსაც შეეხება. რეკომენდაციის მიხედვით, უნდა მომზადდეს  სამოქმედო გეგმა და შეიქმნას მრჩეველთა ჯგუფი (კომისია), რომელიც შეისწავლის  და შეაფასებს ძირითადი მიმართულებების შესრულებას.

 

სეისმური რისკები, ერთ ერთი საკითხა, რომელიც ასევე შევიდა ექსპერტთა მიერ მომზადებულ ანგარიშში.

 

ექსპერტთა მოსაზრებით, საჭიროა განხორციელდეს გეოლოგიური საფრთხეების სრული შეფასება, მათ შორის სეისმური რისკები, ეროზია, ბუნებრივი ფერდობების სტაბილურობა, კაშხლის ფუნდამენტის სტაბილურობა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გზშ-ში აისახოს საველე კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდება მეწყრის, ნიადაგის ჩამოშლისა და ქვათაცვენის პოტენციური საფრთხის დადგენის მიზნით. 

 

საქართველოსთვის პროექტისგან მოსალოდნებილი სარგებელი და რისკები

 

ექსპერტთა აზრით, ასეთი დიდი ელექტროსადგურის (პროექტის სავარაუდო ღირებულება 76 მილიონი აშშ დოლარია; კაშხლის მშენებლობის შედეგად 528 ჰექტარი დაიტბორება) მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობა შეჯერებული უნდა იყოს ისეთ ასპექტებთან, როგორიცაა, ენერგეტიკის სფეროს ეროვნული პოლიტიკა, მდინარე ენგურის წყლის რესურსების მართვის ინტეგრირებული გეგმა, რომელსაც ასევე თან უნდა ერთვოდეს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება SEA , რომელშიც აღწერილი იქნება არსებული წყლის რესურსები, წყლით სარგებლობა და მოსარგებლეები. 


გარდა ამისა,  შესწავლილი უნდა იყოს საზოგადოების ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის საკუთრებისა და შემოსავლის დაკარგვა, განსახლება, გარემოს დეგრადაცია, ფლორისა და ფაუნის გადანდგურება, პროექტის ზეგავლენა ეროვნულ ენერგომომარაგენაზე. 

 

ექსპერტების რეკომენდაციითვე, უნდა განხორციელდეს პროექტთან დაკავშირებული ხარჯებისა და სარგებლის დამატებითი და უფრო ფართო ანალიზი. ანალიზმა უნდა გასცეს პასუხი შემდეგ შეკითხვებს: 

 

რა სარგებელს მოუტანს ხუდონჰესის პროექტი ქვეყანას; რა მოცულობით და რა სახის იქნება ის; ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია წარმოადგენს თუ არა ქვეყნისთვის ელექტროენერგიის წარმოების უფრო იაფ საშუალებას? ვინ მიიღებს სარგებელს და ვინ დაზარალდება და რამდენად? რა სახის კომპენსაციას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც დაზარალდებიან, როგორ მოხდება პროექტისგან მიღებული სარგებლის გადანაწილება და ა.შ.

 

იმის მიუხედავად, რომ ექსპერტთა ანგარიშში შესული საკითხები, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, გარემოს დაცვის მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პირადად თვითონ ძალიან დიდ მნიშნველობას ანიჭებს ამ რეკომენდაციებს და ისინი მაქსიმალურად შესრულებული იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი