ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე “პატრიოტთა ალიანსს” ივანიშვილის სატელიტობაში ადანაშაულებს

27 სექტემბერი, 2017 • 3732
ნინო ბურჯანაძე “პატრიოტთა ალიანსს” ივანიშვილის სატელიტობაში ადანაშაულებს

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე “პატრიოტთა ალიანსს “ქართული ოცნების” სატელიტობაში ადანაშაულებს. როგორც ბურჯანაძე ამბობს, პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ “მათ აირჩიეს ბიძინა ივანიშვილის სატელიტობის გზა”.

როგორ ბურჯანაძე ამბობს თუ პატრიოტთა ალიანსი აცხადებს, რომ მათი ხმა შეცდომით იყო დაფიქსირებული კონსტიტუციის მხარდამჭერთა რიგებში და თან ეს, მათი შეფასებით, სისტემური ხარვეზი იყო, მაშინვე უნდა მოეთხოვათ ამ ხმების კორექტირება, ასევე უნდა მოეთხოვათ სისტემის გადამოწმების მექანიზმის ჩართვა და ხელახალი კენჭისყრის ჩანიშვნა.

„ქართული ოცნების“ რიგებში არსებობდა გარკვეული პრობლემები. რამოდენიმე დეპუტატი თავს იკავებდა კონსტიტუციაზე მხარის დაჭერისაგან და ხელისუფლებას სჭირდებოდა დამატებითი ხმები, რათა კონსტიტუცია არ ჩავარდნილიყო. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 4 ხმით გავიდა აღნიშნული კონსტიტუცია და მათ შორის გახლდათ პატრიოტთა ალიანსის ხმებიც,“- თქვა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

“პატრიოტების” კრიტიკისას ბურჯანაძემ მათი განცხადებაც გაიხსენა, სადაც პარტიის წევრები ამბობდნენ, რომ რომ თუ არჩევნებში ხელისუფლება ციფრებში მინიმუმ 20 %-ით არ ასახავდა მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერას, ისინი მასობრივ საპროტესტო აქციებს მიმართვდნენ:

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დაანონსებული აქციები არავის უნახავს, თუმცა ყველამ მოისმინა დავით თარხან-მოურავის განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დაელოდებოდა სამი ათასი ხმის გადათვლის პროცესს, რომლის საშუალებითაც ბარიერს გადალაავდნენ.

„ეს იყო პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ მათ არ სურდათ ხელისუფლების გაბრაზება და ელოდებოდნენ მოწყალებად გადმოგდებულ ნახევარ
პროცენტს.“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

ბურჯანაძის თქმით, ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელი იყო, ხელისუფლებისთვის შეექმნათ სერიოზული პრობლემა, ოპოზიციის მხრიდან საერთო მერობის კანდიდატის დასახელება იყო. თუმცა ამ შემთხვევაშიც „პატრიოტთა ალიანსმა“ სრულიად მოულოდნელად საკუთარი კანდიდატი წამოაყენა და განაცხადა, რომ სერიოზული კონსულტაციები ოპოზიციაში ამ თემაზე არ ყოფილა.

„მე არ ვიცი, რას გულისხმობენ სიტყვა სერიოზულში, მაგრამ ტელევიზიითაც კი გაშუქდა კახა კუკავას შეხვედრა მათ ლიდერებთან, სადაც იყო ღია და დახურული მოლაპარაკებები. ამასთანავე, ჩვენი მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის და მერობის კანდიდატად მხარს დავუჭერდით როგორც საერთო უპარტიო, ასევე სხვა პარტიის წევრსაც კი ოპოზიციური ერთობის შესანარჩუნებლად.
თუმცა ამ შეთხვევაშიც “პატრიოტთა ალიანსში” გადაწყვიტეს ყველასთან შეუთანხმებლად დაეყენებინათ საკუთარი კანდიდატი , რათა არ შედგარიყო ოპოზიციის ერთობა. ეს არ ბადებს საფუძვლიან კითხვებს?“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის საპასუხოდ საკუთარ “ფეიბუკ” გვერდზე პოსტი გაავრცელა ირმა ინაშვილმაც. როგორც “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი აცხადებს, ბურჯანაძის ბრალდებები აბსურდია. ირმა ინაშვილის თქმით, ბურჯანაძე პოლიტიკურ ველზე აღარ არსებობს და მისი რეიტინგი ნულის ფარგლებშია, ამიტომ ცდილობს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ოპონირებას:

“ქალბატონ ბურჯანაძეს არა აქვს ძალა და რესურსი, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას. მას აღარ აქვს პოტენციალი ქმედითად, რეალურად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს, ამიტომ ტელეეთერებიდან “იბრძვის” და ვიმეორებ: ებრძვის არა “ქართულ ოცნებას”, არამედ გვებრძვის ჩვენ, რაც პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ეს მისი არჩევანია. ვწუხვარ, რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს არ ესმის: ის ვერ იქნება ჩვენი ოპონენტი, რადგან როგორც პრაქტიკული მოცემულობა, აღარ არსებობს პოლიტიკურ სივრცეში. ისიც მესმის, რომ ამ სამწუხარო რეალობასთან შეგუება მისთვის რთულია, მაგრამ პოლიტიკოსი მაშინაა ძლიერი, როცა მარცხსაც ღირსეულად ეგუება და კონკურენტებს კი არ ჰკბენს, არამედ აფასებს” – ამბობს ინაშვილი.

ირმა ინაშვილის თქმით, ბურჯანაძის პარტიის წევრები მას ებრძოდნენ საგარეჯოს არჩევნების დროს და “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად სხვა კანდიდატს უჭერდნენ მხარს

“საგარეჯოს არჩევნებზე საუბარს ნინო ბურჯანაძეს არ ვურჩევ, რადგან იმ გაყალბებულ არჩევნებში ბურჯანაძის პარტიის წევრები საარჩევნო კომისიაში ისევ და ისევ მე მებძოდნენ და “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად თამარ ხიდაშელს უჭერდნენ მხარს. გაყალბების დამადასტურებელ არც ერთ ოქმს ბურჯანაძის პარტიამ ხელი არ მოაწერა. ეს ერთი. მეორე- მოშიმშილეებზე საუბრით და მათი კრიტიკით ნინო ბურჯანაძე პოზიტივს ვერ დააგროვებს” – ამბობს ინაშვილი.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი მოუწოდებს ნინო ბურჯანაძეს, მოშიმშილეებთან მივიდეს და მათ ბოდიში მოუხადოს:

“მობრძანდეს მოშიმშილეებთან და გაეცნოს მათი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნას და ბოდიში მოიხადოს ჯერ 2015 წლის ნოემბრის მოშიმშილეების შეურაცხყოფისთვის და ახლა უკვე პარლამენტის შენობასთან მოშიმშილეების წინაშე. მისი ყველა წინადადება იმდენად სამარცვხინოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ქალბატონი ბურჯანაძის მაგალითზე სახეზეა არა მარტო პოლიტიკური დისკვალიფიკაცია, არამედ კომპეტენციის დონის ვარდნაც. როგორც უინტერესოა უკვე ჩემთვის ძმები ბერძენიშვილების აზრების ანალიზი, ასევე, არ ვთვლი საჭიროდ სხვა კომენტარის გაკეთებას ბურჯანაძის დღევანდელ და მომავალ ინტერვიუებზე” – ამბობს ინაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი