ახალი ამბები

რეფერენდუმის მონაწილეთა უმეტესობამ ქურთისტანის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა

27 სექტემბერი, 2017 • 3036
რეფერენდუმის მონაწილეთა უმეტესობამ ქურთისტანის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა

ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მონაწილეთა  92.73 %-მა რეგიონის ერაყისაგან გამოყოფას დაუჭირა მხარი – ამის შესახებ ქურთისტანის საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია ცოტა ხნით წინ გაავრცელა.
შედეგები კომისიამ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ათეულობით წარმომადგენელი დაესწრო.

ისტორიული რეფერენდუმის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „ემხრობით თუ არა, რომ ქურთისტანის რეგიონი და ქურთისტანის ტერიტორიები ადმინისტრაციის კონტროლს გარეთ გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო?“. როგორც რეგიონის ცენტრალური ტელეარხი “Rudaw” კომისიაზე დაყრდნობით იუწყება, ამომრჩეველთა აქტივობამ უშუალოდ ქურთისტანსა და მის დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე 72% შეადგინა.

სანამ ქურთისტანი რეფერენდუმის შედეგებს ზეიმობს, რადიკალური ზომების  მისაღებად ემზადება ოფიციალური ბაღდადი, რომელიც პროცესს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს: ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის  სამხედრო შენაერთების გაგზავნის თხოვნით მიმართა იმ რეგიონებში, რომლებიც ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში არ შედის, თუმცა რეფერენდუმი მაინც ჩატარდა. სადავო ტერიტორიებს შორისაა ნავთობით მდიდარი ქალაქი კირკუკი. პარალელურად, პრემიერ-მინისტრი ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას მიმართავს, ბათილად ცნონ შედეგები და დათანხმდეს დიალოგს.

შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ერაყის მთავრობამ ქურთისტანის ადმინისტრაციას რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ორი საერთაშორისო აეროპორტის დათმობაც მოსთხოვა და ვადა ხუთშაბათამდე მისცა. დაძაბულობის პარალელურად, ლიბანურმა ავიაკომპანია „Middle East Airlines”-მა და ეგვიპტურმა “Egyptair”-მა განაცხადეს, რომ ხუთშაბათიდან ქურთისტანის რეგიონისკენ ფრენებს აუქმებენ.

ქურთისტანის მიმართ ხისტი ზომების მიღებას არც რეგიონის სხვა ქვეყნები ერიდებიან. გუშინ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ქურთებს სანქციებით დაემუქრა, რის შემდეგაც, მისი თქმით „საკვების მოპოვებაც კი გაუჭირდებათ“. მანამდე, თურქეთმა, რომელიც პროცესს აქტიურად ეწინააღმდეგება, ერაყის ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნებიც დაიწყო, რომელსაც Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ერაყელ სამხედროთა მცირე ჯგუფი შეუერთდა. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, სამხედრო აქტივობები რეფერენდუმს არ უკავშირდება. ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს მკაცრად უპასუხა ირანმაც, რომელმაც რეგიონთან საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

რეფერენდუმის პროცესს აკვირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც „პოტენციურ დესტაბილიზაციას“ ელის. ვითარება ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა შეაფასა. გაეროს ვებგევრდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „გენერალური მდივანი მხარს უჭერს ერაყის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობას და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი ბაღდადსა და ერბილს შორის დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას“.

ერაყის ქურთისტანი, 5.2 მილიონიანი მოსახლეობით, რომელთა უმრავლესობა სუნიტია, ერაყის ნახევრად ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს და ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს. მას ქურთისტანის რეგიონული მთავრობა მართავს, რომელიც დღევანდელი სახით 1992 წელს შეიქმნა. მმართველობის ფორმა კი საპარლამენტო დემოკრატიაა.

2003 წლის შემდეგ, როცა სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო და ქურთების ძალაუფლება მეტად განმტკიცდა, თვითგამორკვევის საკითხი დღის წესრიგში გაცილებით ფართო მასშტაბებით დადგა.  დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა გასული წლების მანძილზე არაერთხელ გახმიანდა, თუმცა თეორიადვე დარჩა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, გეოპოლიტიკური სირთულეები, მეორე მხრივ კი, თავად ქურთულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის არსებული უთანხმოება იყო. თუმცა რიგი კონსულტაციების შემდეგ კონსენსუსი შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი