ახალი ამბები

საკანონმდებლო ცვლილება ხორცის გაიაფების მიზნით

29 მაისი, 2013 •
საკანონმდებლო ცვლილება ხორცის გაიაფების მიზნით

„სასაკლაოებზე პირუტყვის დაკვლის ვალდებულების გამო, ხორცის არალეგალური ბაზარი განვითარდა რაიონებში. კვლავ სახლში ხდება პირუტყვის დაკვლა და იყიდება კონტროლის გარეშე. ერთი ძროხის დაკვლის ფასი 300–400 ლარს აღწევს სასაკლაოზე. თუ ეს შეზღუდვა მოიხსნა, ჯანსაღი კონკურენცია ხორცის ფასს დაარეგულირებს და ამ სეგმენტში გლეხური მეურნეობების განვითარება მოხდება,“– აცხადებს კობა დავითაშვილი.

 

დეპუტატის განცხადებით, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც „სურსათის, ცხოველთა საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილებებს გულისხმობს, გლეხებს სასაკლაოზე პურუტყვის დაკვლის ვალდებულებისაგან იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ხორცის რეალიზაცია ადგილზე მოხდება.  

 

კერძოდ, „სურსათის, ცხოველთა საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შედის ცვლილება: კოდექსის 38–ე მუხლს ემეტება ორი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობა ხორციელდება ბიზნესოპერატორისა და ვეტერინარ ექიმს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, ოჯახური წარმოების სუბიექტსა და ვეტერინარ ექიმს შორის შეთანხმების საფუძველზე. ადგილზე პირუტყვის დაკვლის პროცესს ვეტერინარი ექიმი ესწრება და ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობას გასცემს  

 

კანონპროექტის თანახმად, თუ ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე მოხდება, გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორის 300 ლარის ოდენობით.   

 

კობა დავითაშვილის თქმით, თავის დროზე სასაკლაოებში პირუტყვის დაკვლის ვალდებულების გაჩენამ განაპირობა ხორცის გაძვირება ბაზარზე:

 

“დღეს არის სერიოზული სხვაობა ხორცის ფასში თბილისში და რეგიონებში. ის ნორმა, რომელიც არსებობს, არაპრაქტიკულია გლეხური მეურნეობისთვის. გლეხს არა მარტო არ უღირს სასაკლაოზე პირუტყვის მიყვანა, არამედ ასეთი დაკვლის განხორციელება არარენტაბელურია და არაპრაქტიკული.“

 

დავითაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის დაწერამდე მან კონსულტაციები გაიარა ვეტერინარებთან: „მათ დაადასტურეს, როდესაც ტრანსპორტირება ხდება პირუტყვის, ის გამოყოფს ადრენალინს. თუ ორი დღე არ დაისვენა დაკვლამდე, ეს ხორცი პრაქტიკულად უვარგისია გამოსაყენებლად. გარდა ამისა, გემოვნური თვისებები არ აქვს.“

 

დეპუტატი გამოდის ინიციატივით, რომ ყველა რაიონში ვეტერინარის შტატი იყოს გამოყოფილი, რომლებიც ადგილზე გავლენ, მცირე ბაჟს გადაიხდის გლეხი და ის ვეტერინარი დააკვირდება, რომ პირუტყვს ან ჯილეხი არ ჰქონდეს ან  მკვდარი ცხოველის დანაწევრება არ ხდებოდეს:

 

“სუფთა პირობებში მოხდეს ცხოველის დაკვლა და გასცეს ეს ცნობა ვეტერინარმა. ასეთ შემთხვევაში ჯანდაცვის უსაფრთხოების წესები დაცული იქნება და ეს ხორცის გაიაფებასაც გამოიწვევს. ხორცის გაიაფება არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვიდრე პურის ან საწვავის იმიტომ, რომ სასურსათო კალათის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ხორცი.”

 

ბაზარში სარეალიზაციოდ გათვალისწინებული საქონელი რომ სპეციალურ სასაკლაოზე უნდა დაიკლას, ეს საქართველოში ჯერ კიდევ 1995 წლიდან მოქმედი ვეტერინარიის შესახებ კანონითაა განსაზღვრული. თუმცა კანონის ეს ნორმა არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, სადაც არ არსებობს სასაკლაო.

 

თბილისის ტერიტორიაზე არ არსებობს სპეციალური სასაკლაო, მაგრამ ამ კუთხით შეზღუდვას სურსათის უვნებლობის სამსახური აწესებს:

 

”კანონი ავალდებულებს მეპატრონეს, რომ სასაკლაოზე დაკლას საქონელი, თუ მისი ბაზარზე გატანა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ერთი სასაკლაო მაინც არის აღნიშნულ რაიონში. დღეისათვის კანონის მოთხოვნა არ ეხება იმ რაიონებს, სადაც ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს სასაკლაოები (იმ შემთხვევის გარდა, როცა საქონლის ხორცის რეალიზაცია გამიზნულია თბილისში და არა – ადგილზე),” – სურსათის უვნებლობის სამსახურმა ეს შეზღუდვა 2010 წლის  22 ოქტომბერს დააწესა.

 

მოქმედი შეზღუდვით, რომელიც ახლაც მოქმედებს, თუკი საქონლის ხორცის რეალიზაცია გამიზნულია თბილისში, გამოყოფილია ოთხი – ციხისძირის, ნატახტარის, ყარაჯალასა და ასპინძის სასაკლაოები. თუმცა რეალურად თბილისის ბაზრები ხორცით მხოლოდ „ნატახტარის“ სასაკლაოდან მარაგდებოდა, რამაც თბილისის ბაზარზე ხორცი  8 ლარიდან 12 ლარამდე გააძვირა.

 

ხორცის ბაზარზე 2010 წელს შემოვიდა კომპანია  „იბერ მით ჯორჯია“ , რომელიც „ნატახატრის“  სასაკლაოს და ხორცის მაღაზიების ქსელს „იბერ მითს“ ფლობს. ნატახტარის სასაკლაოდან თბილისის ხორცით მომარაგება ერთპიროვულად ხდებოდა. „იბერ მით ჯორჯიამ“ მაღაზიათა ქსელი რამდენიმე თვეში გააფართოვა.

 

რამდენიმე დღის წინ, ნატახტარის სასაკლაოს და „იბერ მითის“ მაღაზიების ქსელის დახურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „იბერ მით ჯორჯიას“ დირექტორმა დავით ბარაბაძემ დაადასტურა. მისი თქმით, კომპანიამ ობიეტები ფინანსური სირთულეების გამო დახურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი