ახალი ამბები

რატომ გადაადგილდებოდა ელენე ხოშტარია ავტომანქანით ღვედის გარეშე

27 სექტემბერი, 2017 • 9428
რატომ გადაადგილდებოდა ელენე ხოშტარია ავტომანქანით ღვედის გარეშე

დღეს ტელეკომპანია იმედის დილის გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, სადაც “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და რუბრიკის წამყვანი ქალაქში ავტომობილით, უსაფრთხოების ღვედის გარეშე, გადაადგილდებოდნენ. ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” ელენე ხოშტარიას და გადაცემის პროდიუსერს დაუკავშირდა.

როგორც მერობის კანდიდატი ამბობს, მისი სურვილი იყო, რომ უსაფრთხოების ღვედი შეკრული ჰქონოდა, თუმცა იმის გამო, რომ ღვედი ჩამწერ მოწყობილობებს ხელს უშლიდა, მისი მოხსნა სთხოვეს:

“თავიდან, როდესაც მანქანაში ჩავჯექი, პირველი რაღაც მონაკვეთი მეკეთა ღვედი, შემდეგ გააჩერეს და მითხრეს, რომ  უნდა მოიხსნაო, რადგან ხმა არ მოდიოდა. ვუთხარი, რომ არასწორი იქნებოდა, მგონი, ამის ჩანაწერიც უნდა არსებობდეს. გადაცემას რომ ვუყურე, მეც კი მომხვდა თვალში, ან განმარტება უნდა იყოს, რომ ეს გადაღების მიზეზის გამოა,” – ამბობს ელენე ხოშტარია.

მერობის კანდიდატის თქმით, ეს ცუდი გზავნილია, თუმცა, გადაცემის ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა შესაბამის უწყებებთან შეთანხმებულად მოგვარებულიყო, შესაბამისი განმარტების დართვით:

“იქ სხვა რამეებსაც ვარღვევდით, გადაღების გამო რაღაც მომენტში გზას ვკეტავდით იმიტომ, რომ სამი მანქანა მოძრაობდა და ალბათ, გადაღების წესები არსებობს. ალბათ, შეთანხმებულიც იყო, არ ვიცი. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, მე მქონდა სურვილი, ღვედი შეკრული მქონოდა. ზოგადად, არასწორი გზავნილია, როდესაც გადაცემაში ჩანს, რომ ღვედი არაა შეკრული. ალბათ, განმარტება უნდა ყოფილიყო. გადაღების ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კინოშიც, გადაცემაშიც, რაღაც წესი, ოღონდ შეთანხმებულად, დაარღვიო და მერე ეს თქვა,” – უთხრა ელენე ხოშტარიამ “ნეტგაზეთს”.

როგორც გადაცემის პროდიუსერი, თამარ ღვინიანიძე ამბობს, გადაცემის წამყვან ვასიკო ოდიშვილს, რომელიც მანქანას მართავდა, და მის სტუმარს, ელენე ხოშტარიას ღვედის მოხსნა გადამღებმა ჯგუფმა სთხოვა, თუმცა ურაფრთხოების ნორმები დაცული იყო, რადგან მანქანა ნელა გადაადგილდებოდა:

“რა თქმა უნდა, თავიდან გაიკეთა ორივემ, უბრალოდ, ძალიან უცნაური მანქანაა თავისი კონსტრუქციით. მანქანით გადაღება ძალიან რთულია. იქ სხვადასხვა საშუალებებია როგორც ვიდეო, ისე აუდიოჩაწერის. აღმოჩნდა, რომ ღვედი უშლიდა ხმას, ვერ ვიწერდით და ჩვენ ვთხოვეთ ორივეს, მოეხსნათ ღვედი. უსაფრთხოებას რაც შეეხება, იმდენად ნელა დავდიოდით – წინაც მანქანაა, რომელშიც კამერებია და უკანაც- ფაქტობრივად, 20-ით დავდიოდით, თან ქალაქის შემოგარენში, და საშიშროება არ ყოფილა. თუმცა, თუ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ამაზე, ცხადია, ჩვენ ვიღებთ,” – ამბობს თამარ ღვინიანიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ვიდეოში ღვედის გამოუყენებლობის გამო ავტომანქანის მძღოლი დაჯარიმდება კანონის შესაბამისად და გამოეწერება შესაბამისი საჯარიმო ქვითარი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე პრიმა მუხლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი