ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი, შესაძლოა, დაითხოვონ

28 მაისი, 2013 •
სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი, შესაძლოა, დაითხოვონ

სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მირზა სუბელიანი დღესაც იმყოფებოდა სამსახურში. შესაბამისად, ინფორმაციას მისი გათავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

“თუ ასეთი რამ მოხდა, სამინისტრო განცხადებას გაავრცელებს,”- აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. 

 

სუბელიანის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია, სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაციით, სააგენტოს “ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ სუბელიანის გათავისუფლების მიზეზად პატიმარ კორტავას გარდაცვალების ფაქტი სახელდება.” 

 

პატიმრის გარდაცვალების შესახებ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ ორი ვერსია გაავრცელა. სამინისტროს პირველი განცხადებით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზი სამედიცინო დაწესებულებაში მისი კიბიდან დაგორება გახდა. მოგვიანებით, სამინისტრომ კორტავას გარდაცვალების სხვა მიზეზი დაასახელა, რომლის შესაბამისად, პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად მას ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

 

 

“ნეტგაზეთის” წყაროს ინფორმაციით, მირზა სუბელიანი გახდა მიზეზი იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია ხასიამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა. “ნეტგაზეთის” წყაროს ინფორმაციითვე, სასჯელაღსრულების გენერალური ინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი დაუპირისპირდა, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე რუსთავის რაიონული პროკურორისა და მარნეულის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “ნეტგაზეთის” წყაროს ცნობით, სუბელიანი სოზარ სუბარის ნათესავია და ამ ნიშნით დაინიშნა გენ. ინსპექციის უფროსად. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მირზა სუბელიანი მისი ნათესავი არ არის და თანამდებობაზე მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე დანიშნა.


ნეტგაზეთის ინფორმაციითვე, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება აქვს დაწერილი, სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ირაკლი კორძაიას. თუმცა, არც ამ ინფორმაციას ადასტურებენ სამინისტროში. თავად კორძაიასთან დაკავშირება, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი