ახალი ამბებიკომენტარი

რას შეცვლის გერმანიის არჩევნებში ნაციონალისტური ძალის წარმატება

26 სექტემბერი, 2017 • 7496
რას შეცვლის გერმანიის არჩევნებში ნაციონალისტური ძალის წარმატება

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ევროსკეპტიციზმისა და ანტიმიგრაციული პოლიტიკის მომხრე ულტრამემარჯვენე პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” ხმების 13% მიიღო. შესაბამისად, მან 94 ადგილი მოიპოვა ბუნდესტაგში. რა გავლენას მოახდენს ეს გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკასა და მთლიანად ევროპის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე? – ნეტგაზეთის შეკითხვებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, ნინო ლეჟავამ უპასუხა:

გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” მესამე ადგილზე გავიდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ტიპის იდეოლოგიური ძალისთვის გერმანიაში საუკეთესო შედეგია. რით ახსნით ამას?

 

ნინო ლეჟავა

ნინო ლეჟავა

პარლამენტში ულტრამემარჯვენე ძალის შესვლა გერმანიისთვის განსაკუთრებული შემთხვევაა – მაშინ, როცა ევროპის მასშტაბით ასეთი  პარტიების პარლამენტში მოხვედრა უკვე გამონაკლისს არ წარმოადგენს და გარკვეულ ტენდენციაზეც მიანიშნებს. ხაზგასასმელია, რომ  აქამდე გერმანიაში პოლიტიკური კონსენსუსი არსებობდა იმის თაობაზე, რომ პროფაშისტური და  ნაციონალისტური ძალები აღარ უნდა ყოფილიყვნენ პოლიტიკურ სივრცეში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ გამოიარა ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი. თუმცა, ერთია გარკვეული ისტორიული კონსენსუსი და მეორე – საზოგადოებრივი ცვლილებები, რომლებიც განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში მოიტანა ისეთმა მოვლენამ, როგორიც არის გლობალიზაცია, რაც  არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველა სახელმწიფოსთვის გამოწვევაა.

 

გლობალიზაციამ, რომელიც, ერთი მხრივ, ეკონომიკური და ფინანსური ტრანსფორმაციის მსოფლიო პროცესია, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანების და სერვისების მობილობის უპრეცედენტო ზრდა მოიტანა, გარკვეულწილად  გააჩინა იმ საფრთხისა და უსამართლობის შეგრძნება, რომელიც სწორედ დასავლური დემოკრატიის ქვეყნებში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს განსაკუთრებით დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების წრეებში. ბუნდესტაგის არჩევნების დღევანდელ შედეგებში სწორედაც ეს შიშის და უკმაყოფილების განწყობები აისახა.

გარდა ამისა, შედეგებზე საუბრისას,  ყურადსაღებია ის გარემოებაც, თუ  როგორ განაწილდა მიცემული ხმები ყოფილ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა (გფრ) და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) მიწებზე. თვალშისაცემია, რომ ულტრამემარჯვენეებმა დიდი მხარდაჭერა პოვეს ყოფილი გდრ-ის ტერიტორიაზე, რასაც გააჩნია ახსნა. მოგეხსენებენათ, ამ მიწებზე ძირითადად ის ადამიანები არიან დასახლებული, რომელთა ბიოგრაფიაც გერმანიის გაერთიანების შედეგად დაექვემდებარა გარკვეულ ტრანსფორმაციას: ისინი მოხვდნენ მორიგი პოლიტიკური გარდატეხის პროცესში, რაც ბევრისთვის, პიროვნული თვალსაზრისით, რთული გამოწვევა აღმოჩნდა. ამ მიწებზე დღემდე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც განიცდიან სოციალურ და ეკონომიკურ ფრუსტრაციას.

ასევე თვალშისაცემია, რომ მათ შორის, ვინც იყო “ალტერნატივა გერმანიისთვის” სამიზნე და ვინც  ემხრობოდა მათ, არიან ისინიც,  ვინც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან ჩავიდნენ გერმანიაში ე.წ. კონტიგენტური დევნილების სტატუსით. ესენი არიან გერმანული ან ებრაული წარმოშობის ყოფილი საბჭოთა მოქალაქეები, რომელთა ნაწილიც მაინც ჩარჩა ერთგვარ “საბჭოთა”, პრორუსულ, რუსულენოვან სივრცეში. ისინი კი ატარებენ გარეგნული ინტეგრაციის ნიშნებს, მაგრამ მათი პოლიტიკური ღირებულებები დასავლური დემოკრატიის პოლიტიკურ კონსენსუსს ხშირად არ ემთხვევა. ეს არის კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი, რითაც შეიძლება საპარლამენტო არჩევნების შედეგები ნაწილობრივ აიხსნას.


ეს პარტია გამოირჩევა ულტრანაციონალისტური მესიჯებით, ეწინააღმდეგება მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემას, უპირისპირდება მუსლიმურ რელიგიას, როგორც “არაგერმანულ მოვლენას” და ა.შ. ასეთი პარტიის არსებობა გერმანიის საპარლამენტო ორგანოში რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს უშუალოდ გერმანიისთვის და მთლიანად ევროპისთვის?

პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” დეპუტატების ასეთი რაოდენობით რომც არ მოსულიყო ბუნდესტაგში და თუნდაც უფრო ნაკლები წარმომადგენლები ჰყოლოდა ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, ულტრანაციონალისტი მემარჯვენე ძალის გამოჩენა პოლიტიკური კულტურისთვის და ლიბერალური დემოკრატიისთვის ყოველთვის გამოწვევას წარმოადგენს. ეს დიდი გამოწვევაა გერმანული პარლამენტარიზმისთვის, რომელიც აქამდე კონსენსუსის კულტურაზე იყო დაფუძნებული.

აქ შეიძლებოდა მცირე პარალელი გაგვევლო საქართველოსთანაც: ერთია, როდესაც პარლამენტს გარეთა ოპოზიცია ფლობს თუნდაც ისეთ სამაუწყებლო არხს, როგორიცაა, მაგალითად, ობსკურანტული საინფორმაციო პოლიტიკის “ობიექტივი”, და რომელიც საზოგადოებაში ამკვიდრებს ულტრანაციონალისტურ განწყობებს, მაგრამ ხარისხობრივად სულ სხვაა, როცა ასეთი ძალა უკვე პარლამენტში ახმიანებს ანტილიბერალურ პოზიციას. ეს აუცილებლად უარყოფითად შეცვლის პოლიტიკურ კულტურასა და პოლიტიკური კორექტულობის პრინციპებსაც.

"ალტერნატივა გერმანიისთვის" კანდიდატები ელის ვაიდელი (მარჯვნივ) და ალექანდერ გაულანდი (მარჯვნივ). ბერლინი, გერმანია , 26 სექტემბერი 2017 წელი. ფოტო : EPA-EFE/FELIPE TRUEBA

“ალტერნატივა გერმანიისთვის” კანდიდატები ელის ვაიდელი (მარჯვნივ) და ალექანდერ გაულანდი (მარჯვნივ). ბერლინი, გერმანია , 26 სექტემბერი 2017 წელი. ფოტო : EPA-EFE/FELIPE TRUEBA

პრობლემაა ისიც, რომ ეს დეპუტატები იქნებიან სხვადასხვა საპარლამენტო და სხვა სახელმწიფოებრივ კომისიებშიც; მაგალითად, მათ ექნებათ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელში თავიანთი წარმომადგენლობითი კვოტის  შევსების სურვილი. ამ კომისიებში ისინი, ერთი მხრივ, თავიანთი რადიკალური პოზიციებით, მეორე მხრივ კი, პროფესიული არაკომპეტენტურობით (იმიტომ, რომ ეს ახალი პარტიაა და მას ნაკლებად ჰყავს სხვადასხვა სფეროების ისეთი სპეციალისტები, რომელთა არსებობაც ძალიან მნიშვნელოვანია დამკვიდრებულ პარლამენტარიზმში კვალიფიციურად სამუშაოდ) საქმიან დღის წესრიგს დაარღვევენ.  მათი წარმატების მეთოდიც დღემდე სწორედ პროვოკაციაზე აგებული კომუნიკაცია იყო, რაც საზოგადოებრივი  თვალსაზრისით ყურადღების ველში მოსახვედრად მომგებიანია, თუმცა, როცა საქმე საპარლამენტო მუშაობას ეხება, დესტრუქციულია ყველა მონაწილისთვის.

ევროკავშირის ცენტრალურ სახელმწიფოში სულ უფრო მისაღები ხდება საჯაროდ ისეთ თემებზე და იმგვარად საუბარი, როგორსაც “ალტერნატივა გერმანიისთვის” აწარმოებს, რაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, მთლიანად ევროკავშირისთვის დიდი გამოწვევა იქნება. ის შიში და სიძულვილი, რომელსაც ეს პარტია აღვივებდა და აგროვებდა საზოგადოებაში, კიდევ უფრო ძლიერად გადმოიღვრება საჯარო პოლიტიკაში და გავრცელდება საზოგადოებაში.

არჩევნების შედეგად, მეორე ადგილზე გასული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ მათი პარტია აღარ შევა კოალიციაში ანგელა მერკელის ”ქრისტიან-დემოკრატიულ” პარტიასთან, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა, და ოპოზიციაში გადაინაცვლებს. ამ გზით კი შეეცდება დაკარგული ხმების დაბრუნებას. რა შანსები ექნება ოპოზიციაში შულცის პარტიას?

 

სოციალ-დემოკრატებისთვის ეს გადაწყვეტილება ე.წ. დიდ კოალიციაში (ანუ ორი სახალხო პარტიის) შეუსვლელობის თაობაზე, ალბათ, თვითგადარჩენის სტრატეგიად შეიძლება მივიჩნიოთ. ანგელა მერკელის კანცლერობის, ანუ ქრისტიან-დემოკრატების ბოლო სამ საარჩევნო პერიოდში, თვალშისაცემია ისეთი მოვლენა, როცა ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციის მეორე სუბიექტი ყოველ ჯერზე სუსტდება. ასეთ ძალას 2009-2013 წლებში წარმოადგენდნენ  “თავისუფალ დემოკრატთა” პარტია – მემარჯვენე ლიბერალები. მათ ისე დაკარგეს კოალიციაში თავიანთი თემატური პროფილი, რომ ბუნდესტაგის შემდეგ არჩევნებში, 2013 წელს საერთოდ ვეღარ გადალახეს 5%-იანი ბარიერი.

ამჯერად კი კვლავ ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციაში მყოფი სოციალ-დემოკრატები ისე გაითქვიფნენ კანცლერის პარტიასთან, რომ მათ საგრძნობლად დაკარგეს მემარცხენე ამომრჩევლის ნდობა. შესაბამისად, ოპოზიციაში გადასვლა მათ  საშუალებას მისცემს, დაიბრუნონ მკაფიო მემარცხენე პროფილი.  როგორ გამოიყენებს პარტია ამას, ეს მომავლის საკითხია, თუმცა, ეს იქნება მათი ერთგული ამომრჩევლის ნდობის დაბრუნების შანსი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი ტენდენცია იჩენს თავს: დიდი ევროპული სახალხო პარტიების დრო ნელ-ნელა წარსულს ბარდება.

მთავრობის დასაკომპლექტებლად “ქრისტიან-დემოკრატებს” დასჭირდებათ კოალიციის შეკვრა სხვა პარტიებთან. არჩევნების ბოლო შედეგების გათვალისწინებთ, როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს კოალიცია? რომელი პარტიები შეიძლება გაერთიანდნენ მასში?

რეალურად, ასეთი გათვლები არჩევნებამდეც ტარდებოდა და ესეც არის გერმანიისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური კონსენსუსი, რომ მხოლოდ სიურპრიზად კი არ შესთავაზონ საზოგადოებას მოულოდნელი კოალიცია, არამედ პარტიები წინასაარჩევნოდ აცხადებენ, თუ ვისთან არიან მზად, შევიდნენ კოალიციაში.

ამჯერად ყველა დამკვიდრებული პოლიტიკური ძალა თავიდანვე გამორიცხავდა თანამშრომლობას პარტიასთან – “ალტერნატივა გერმანიისთვის”, მისი ულტრამემარჯვენე პოზიციების გამო. ამიტომ,  გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატებისთვის გამოირიცხება მათთან კოალიციის შექმნის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ “ალტერნატივამ გერმანიისთვის” ბუნდესტაგში რიცხოვნობით მესამე ადგილი მოიპოვა.   სოციალ-დემოკრატებთან შედარებით კიდევ უფრო მემარცხენე “დი ლინკესთანაც” მერკელმა აგრეთვე თავიდანვე გამორიცხა თანამშრომლობა.

შესაბამისად, რჩება ტრადიციული პარტნიორი – ამჟამად ნეოლიბერალური ორიენტაციის “თავისუფალი დემოკრატები”. სავარაუდოდ, როგორც ქრისტიან-დემოკრატებისთვის, ისე “თავისუფალი დემოკრატებისთვის” უფრო კომფორტული იქნებოდა ორსუბიექტიანი კოალიცია, თუმცა ეს მოცემულობა პროცენტულად აუცილებელ უმრავლესობას ვერ აგროვებს. შესაბამისად, ქრისტიან-დემოკრატები იძულებულნი არიან, “მწვანეები/ კავშირი 90” მიიწვიონ კოალიციაში, ხოლო  მწვანეებიც, თავის მხრივ, იძულებული არიან, ისეთ კოალიციაში გაწევრიანდნენ, რომელიც პოლიტიკის პრიორიტეტების თვალსაზრისით, მათთვისაც დიდი გამოწვევაა. კოალიციური მოლაპარაკებები უთუოდ უაღრესად რთული იქნება. ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს, გაიტანოს თავისი მაქსიმალური მოთხოვნები.

წარმოიდგინეთ, სამი საკმაოდ განსხვავებული იდეოლოგიური პლატფორმის სუბიექტი ერთ კოალიციაში გაერთიანებული. აქ მნიშვნელოვანია იმასაც გავუსვათ ხაზი, რომ მწვანეებს, რომლებიც არიან ლიბერალური, მემარცხენე-ეკოლოგისტური მიმართულების პარტია, იმდენი განსხვავება ქრისტიან-დემოკრატებთან არ აქვთ, რამდენიც – “თავისუფალ დემოკრატებთან”, რომელიც უფრო  ნეოლიბერალური შეფერილობის, მემარჯვენე-ლიბერალური პარტიაა. ამ ორ პარტიას შორის არის  მძაფრი განსხვავებები, მაგალითად, კლიმატის ცვლილებებისა და ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით.

რამდენიმე თვის წინ რადიკალური ძალების წარმომადგენლების გამარჯვებას პროგნოზირებდნენ საფრანგეთში, ჰოლანდიაში, თუმცა საბოლოოდ ასე არ მოხდა. თქვენი აზრით, რას შეცვლის ევროპის სხვა ქვეყნებში გერმანიის არჩევნებში ულტრამემარჯვენე ძალის წარმატება?

ჩვენ ეს მაინც ისტორიულ პროცესად უნდა დავინახოთ: ევროპაში – თუ დასავლეთ ევროპას ვგულისხმობთ –  ულტრამემარჯვენე ჯგუფების, მით უმეტეს, პარტიების გაფორმების ათვლის წერტილად 1991 წლის ბელგიის არჩევნები  შეგვიძლია ავიღოთ. თუმცა, თუ აღმოსავლეთ ევროპაზე ვლაპარაკობთ, უნგრეთში უკვე მრავალი წელია საუბრობენ  “არალიბერალური დემოკრატიის” შესახებ. ავსტრიაში ნაციონალისტური გამოწვევა 1990-იანი წლების ბოლოდან არსებობს. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წკიპზე იყო ულტრამემარჯვენე კანდიდატის გამარჯვება, თუმცა მას მემარცხენე მწვანე კანდიდატმა მოუგო, რაც პროგრესული ძალების ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა.

ეს ტენდენციაა, რომ პროფაშისტური,  ულტრანაციონალისტური ჯგუფები ძლიერდება და ისინი წარმატებით თანამშრომლობენ საერთაშორისო ნაციონალისტურ ქსელებში, მათ შორის, კრემლის მხარდაჭერითაც. მეორე მხრივ, შეიძლება, დავინახოთ ეს მოვლენა, როგორც ევროპული საზოგადოების მიერ პარტიული დემოკრატიისთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათი. ეს უკვე სიგნალია, რომ დემოკრატიას სჭირდება განახლება. პარტიებს სჭირდებათ  ახალი კონცეფციებისა და პრობლემების გადაწყვეტის ახლებური იდეების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რომ ცენტრი არ გამოიხშიროს და პოლიტიკამ მხოლოდ რადიკალურ ფრთებზე არ გადაინაცვლოს.

შესაბამისად, თუ ფრთხილი ოპტიმიზმით მივუდგებით მოსალოდნელ ცვლილებებს, სავარაუდოა, რომ გერმანიაში პოლიტიკით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება. ეს ამ არჩევნებზეც იყო ნიშანდობლივი, რომ ყველა, ვინც მეტ-ნაკლებად პროგრესულ ძალას წარმოადგენდა, ამომრჩეველს მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბოლო წლებში ევროპაში ამომრჩევლის პასიურობის ტენდენცია მკვიდრდებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი ფრუსტრირებული იყო დამკვიდრებული, ე.წ. ისტებლიშმენტის პარტიების პოლიტიკისაგან. ისინი პროტესტის ნიშნად არჩევნებზე აღარ მიდოდნენ და არჩევნების შედეგებზე უფრო რადიკალიზებული ამომრჩევლის ხმა ჩანდა.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალში, თუ როგორ მიუდგება ესა თუ ის ხელისუფლება ამომრჩევლების პოლიტიკური განათლების და ინფორმირების საკითხს. გარდა ამისა, გადამწყვეტი იქნება, თუ  რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონცეფციებს შესთავაზებენ მოსახლეობას პოლიტიკური სუბიექტები.

შესაძლოა თუ არა შეიცვალოს ოფიციალური ბერლინის პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც “ალტერნატივა გერმანიისთვის” აპელირებს? საუბარია იმავე მიგრანტების მიმართ არსებულ პოლიტიკაზე, ევროსკეპტიციზმზე და ა.შ. ამ მხრივ რა გავლენა შეიძლება ამან მოახდინოს გერმანიის ოფიციალურ პოლიტიკაზე?

“ქრისტიან-დემოკრატები”, რომელიც  წამყვანი ძალაა, პროევროპული პარტიაა და მერკელი თავის საარჩევნო კამპანიაში ამაზეც ამახვილებდა ყურადღებას. “მწვანეები” არიან მკაფიოდ პროევროპული და, მე ვიტყოდი, ყველაზე ევროპული დისკურსის მატარებელი ძალა. განსაკუთრებით, წინა არჩევნებიდან მოყოლებული, ისინი ხაზს უსვამენ ევროკავშირის განვითარების მნიშვნელობას, ზოგადად, არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ ევროპისთვის და მისი სამეზობლოსთვისაც. “თავისუფალ დემოკრატებს” წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდათ გარკვეული ევროსკეპტიკური, დერეგულაციის შესახებ ევროკავშირის მიმართ მოთხოვნები, თუმცა არც ეს პარტიაა ანტიევროპული ძალა. “სოციალ-დემოკრატები”- თავად მათი კანცლერობის კანდიდატი მარტინ შულცი ბრიუსელიდან დაბრუნდა გერმანიაში. მართალია, ის წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით “სოციალ-დემოკრატები” ასევე გააგრძელებენ პროევროპულ პოზიციას.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, არჩევნებში ხმის მიცემის დროს. ბერლინი, გერმანია, 24 სექტემბერი 2017 წელი. ფოტო: EPA-EFE/CARSTEN KOALL

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, არჩევნებში ხმის მიცემის დროს. ბერლინი, გერმანია, 24 სექტემბერი 2017 წელი. ფოტო: EPA-EFE/CARSTEN KOALL

მოსალოდნელია, რომ იქნება მემარცხენე “დი ლინკესა” და “ალტერნატივა გერმანიისთვის” ანტიევროპული გამოსვლები, თუმცა “დი ლინკეც” არ არის ცალსახად ანტიევროპული პარტია. ისინი აკრიტიკებენ ბრიუსელის პოლიტიკას, ნატოს და გერმანიის ტრანსატლანტიკურ მიდგომებს, თუმცა მთლად კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ ევროკავშირის ფუძემდებლურ საკითხებს. საქმე ისიც არის,  რომ   ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გასაღვივებლად “ალტერნატივა გერმანიისთვის” ბევრ ფაქტს აყალბებს და პროვოკაციული ელფერით აწვდის საზოგადოებას.

გერმანია – განსაკუთრებით, საფრანგეთთან ერთად – ყოველთვის განიხილებოდა ევროკავშირის საყრდენ სახელმწიფოდ და ეს პასუხისმგებლობა მერკელსაც და ზოგადად, გერმანიის  პოლიტიკურ ელიტას ყოველთვის გააზრებული ჰქონდა. ახლა ეს მოვლენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბრექსითის პროცესში მყოფი ევროპისათვის. ასე რომ, საფრანგეთი და გერმანია კვლავ რჩებიან განსაკუთრებით ევროკავშირის, შეიძლება ითქვას, გამწევ ძალად. შესაბამისად, პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” ბუნდესტაგში შესვლის შემდეგ ინსტიტუციურ ცვლილებებს  არ უნდა ველოდოთ, თუმცა საზოგადოებრივი ტენდენციების თვალსაზრისით, უთუოდ მოიმატებს ევროსკეპტიკური დისკურსი.

ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპისაკენ დევნილების ნაკადი მსოფლიოს კრიზისული კერებიდან არ მოიკლებს, გერმანიის მთავრობას აუცილებლად მოუწევს ბევრად უფრო ქმედითი ინსტრუმენტების შემუშავება და ამოქმედება, რომლებიც დევნილებისთვის თავშესაფრის მიცემისა და მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ისეთ შედეგს მოიტანს, რომ არ გამოიწვიოს საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზება.

 

"ალტერნატივა გერმანიისთვის" პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მონაწილეებს ანტინაცისტური ბანერი უჭირავთ ხელში. ბერლინი, გერმანია, 24 სექტემბერი 2017 წელი. ფოტო: EPA-EFE/THORSTEN WAGNER

“ალტერნატივა გერმანიისთვის” პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მონაწილეებს ანტინაცისტური ბანერი უჭირავთ ხელში. ბერლინი, გერმანია, 24 სექტემბერი 2017 წელი. ფოტო: EPA-EFE/THORSTEN WAGNER

მასალების გადაბეჭდვის წესი