ახალი ამბები

დიმიტროვი: საქმე გვაქვს პრინციპებთან და არა ციფრებთან

28 მაისი, 2013 • 962
დიმიტროვი: საქმე გვაქვს პრინციპებთან და არა ციფრებთან

დიმიტროვის განმარტებით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნამდვილად შეინიშნება გარკვეული მოძრაობები, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს. 

 

“საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ არის ძალიან სერიოზული. შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადგილზე გაგზავნა შემსწავლელი ჯგუფები, რის შემდეგაც უფრო ნათელი სურათი გვექნება,”- განაცხადა მან. 

 

მისივე თქმით, ზუსტი ციფრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის უცნობია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ციფრებზე მეტად მნიშვნელობა, პრინციპებს აქვს. 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის წარმომადგენელობის ხელმძღვანელს, ფილიპ დიმიტროვს დღეს, 28 მაისს შეხვდა.

 

“ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი ფილიპ დიმიტროვთან დღევანდელი შეხვედრაა, რადგან ევროკავშირს ჰყავს სადამკვირვებლო მისია. ასევე, მისიის მიერ მოწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით ევროკავშირის განცხადება, ეს იქნება აქ, ადგილზე თუ ბრიუსელში,”- განაცხადა ფანჯიკიძემ დიმიტროვთან შეხვედრის შემდეგ. 

 

რუსი ოკუპანტების მხრიდან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევის ფაქტებზე ოფიციალური ინფორმაცია გუშინ, 27 მაისს გავრცელდა.

 

შსს-ს შეფასებით, ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან:

 

“ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე. ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც. ზოგადად საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველ ღონეს იყენებს, რომ პრობლემა მიაწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს და საქართველოს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი აქტიურად არის გამოყენებული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი