ახალი ამბები

“ნაციონალურმა მოძრაობამ” დატოვა პარლამენტის სხდომა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხებოდა

26 სექტემბერი, 2017 • 1680
“ნაციონალურმა მოძრაობამ” დატოვა პარლამენტის სხდომა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხებოდა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარლამენტის სხდომა დატოვეს. ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარტიის წევრები დარბაზიდან გავიდნენ, თუმცა დარბაზის დატოვებამდე ნიკა მელია მაინც ცდილობდა დეპუტატებისთვის მიემართა, ხოლო პარტიის კიდევ ერთი წევრი თინა ბოკუჩავა ტრიბუნასთან მივიდა, რათა პარლამენტის თავმჯდომარეს დალაპარაკებოდა.

“სამარცხვინოა”, “გუგავა მოვა”- ასეთი ფრაზები ისმოდა პარლამენტში დეპუტატების მხრიდან. საბოლოოდ, თამარ ჩუგოშვილმა 5-წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

მანამდე სხდომა საპარლამანტო უმცირესობამ დატოვა “თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში და იმსახურებთ, რომ ამ ფარსში იყოთ მარტო”,- განაცხადა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ სიტყვით გამოსვლისას.

დღეს საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა, რათა მესამე მოსმენით დაამტკიცოს კონსტიტუციის პროექტი. კონსტიტუციის შესაცვლელად მინიმუმ 113 ხმაა საჭირო, თუმცა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და დოკუმენტის მისაღებად ოპოზიციური ხმები არ სჭირდება.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მესამე მოსმენისას შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში შეუძლებელია. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მთავარი დავის საგანს საარჩევნო სისტემა წარმოადგენდა. ახალი კონსტიტუციით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2024 წელს გადავა. 2020 წელს კი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ოპოზიცია ითხოვდა, რომ 2020 წლიდან ჩატარებულიყო არჩევნები პროპორციული სისტემით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე  სხდომა 26 სექტემბერს დანიშნა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი თქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი