ახალი ამბები

შვებულებაში მყოფ ნაზი არონიას სანიმუშო მუშაობისთვის პრემია დაერიცხა

28 მაისი, 2013 • • 3792
შვებულებაში მყოფ ნაზი არონიას სანიმუშო მუშაობისთვის პრემია დაერიცხა

ეს მონაცემები პარლამენტის დროებითი კომისიის ანგარიშშია ასახული, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის შესწავლის შედეგად მომზადდა.

 

კომისიის დასკვნის თანახმად, არონიამ 2012 წლის მანძილზე სულ 3 დოკუმენტი მოამზადა:

 

ნაზი არონია, ფოტო: სააგენტო პირველი
ნაზი არონია, ფოტო: სააგენტო პირველი

“რაც შეეხება საანგარიშო პერიოდში მის მიერ შესრულებულ სამუშაოს, 2012 წლის განმავლობაში ნაზი არონიას სახელზე ფიქსირდება სულ 3 დოკუმენტი. აქედან 1 დოკუმენტი დაეწერა 2012 წლის 1 მაისს და წარმოადგენდა ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ 1 კვარტალში ბიუჯეტის შესრულების შესახებ. მეორე დოკუმენტით მის მიერ გაცემულია დახასიათება პარლამენტში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით და მესამე დოკუმენტი არის მისი განცხადება კუთვნილი შვებულების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი დოკუმენტი მას მხოლოდ 2012 წლის 1 მაისს დაეწერა, ნაზი არონიას, სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისთვის ფულადი ჯილდოს სახით მარტის თვეში, დარიცხული აქვს 4 600 ლარი, ხოლო აპრილის თვეში 2 200 ლარი, ასევე მაისის თვეშიც 2 200 ლარი.”

 

ამავე დასკვნის მიხედვით, მაშინ, როცა ნაზი არონია კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა, გამოიცა გენერალური აუდიტორის, ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრის – ლევან ბეჟაშვილის ბრძანება, რომლის თანახმად,  სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის, ნაზი არონიაზე ერთდროული ფულადი ჯილდოს სახით 2200 ლარის გაიცა.

 

“ხაზგასმითაა აღსანიშნავი შემდეგი გარემოება: 2012 წლის 11 ივლისს გამოიცა გენერალური აუდიტორის N2/051 ბრძანება, ნაზი არონიასთვის მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 15 აგვისტომდე 2012 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების – 30 კალენდარული დღის მიცემის შესახებ. 2012 წლის 20 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ნაზი არონია იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში და შეჩერებული ქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა, გამოიცა გენერალური აუდიტორის (ლ. ბეჟაშვილის) ბრძანება N127/37, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის, ნაზი არონიაზე ერთდროული ფულადი ჯილდოს სახით 2200 ლარის გაცემის შესახებ. გარდა ამისა, ნაზი არონიას ბინის დაქირავება 2012 წელს სახელმწიფოს დაუჯდა 4500 ლარი,”- ნათქვამია ანგარიშში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი