ახალი ამბები

ლაშა ხარაზიშვილმა აუდიტის სამსახურში შტატგარეშე თანამშრომლობისთვის 87 770 ლარი მიიღო

28 მაისი, 2013 • • 2611
ლაშა ხარაზიშვილმა აუდიტის სამსახურში შტატგარეშე თანამშრომლობისთვის 87 770 ლარი მიიღო

ლაშა ხარაზიშვილი
ლაშა ხარაზიშვილი

პარლამენტის დროებითმა კომისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემოწმების შედეგებზე მოამზადა ანგარიში. 

 

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ლაშა ხარაზიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში “იმედში” მუშაობის პარალელურად იყო გაფორმებული შტატგარეშე თანამშრომლად:

“ლაშა ხარაზიშვილი, 2009-2012 წლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ანუ სახელმწიფო სამსახურში, იკავებდა სახელმწიფო მოსამსახურის – შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობას და იმავდროულად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა დარღვევით ეკავა სხვა თანამდებობა და ასრულებდა ანაზღაურებად საქმიანობას ტელეკომპანია “იმედში’’. აუდიტის სამსახურში მას ხელფასისა და პრემიის სახით სულ მიღებული აქვს 87  770 ლარი (მათ შორის დარიცხული ხელფასი – 55070 ლარი, დარიცხული პრემია – 32700 ლარი). აღსანიშნავია, რომ კომისიას ვერ მიეწოდა რაიმე მასალა აუდიტის სამსახურში მუშაობისას მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. ზემოაღნიშნულ დარღვევათა გამო კომისიას მიაჩნია, რომ საკითხი  სამართალდამცავი ორგანოების სამართლებრივი შეფასების საგანი უნდა გახდეს.” 

 

ანგარიშის თანახმად, “მედიისა და ვებ-გვერდის განახლების საკითხებში შტატგარეშე მოსამსახურეებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზით გაირკვა, რომ დაირღვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნები, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად მიიღეს შტატგარეშე მოსამსახურეები, რომლებიც აღნიშნული კანონის მიხედვით, დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღებიან სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურის ლაშა ხარაზიშვილის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას.

ამევე კანონის 732 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. ამავე კანონის 734 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე, მიიღოს ზომები ნებისმიერ ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევის დაუშვებლობისთვის, განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე ან დანიშვნის შემდეგ, როგორც კი ეს ფაქტი მისთვის ცნობილი გახდება.”

ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ, რომ “მოთხოვნაზე, ეცნობებინათ კომისიისათვის, თუ რა სამუშაოები განახორციელეს მედიისა და ვებ-გვერდის განახლების საკითხებში შტატგარეშე მოსამსახურეებმა მაღალი ხელფასის (თვეში 2000 ლარი) მიღების სანაცვლოდ, “აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციიდან შეგვატყობინეს, რომ ასეთი ვალდებულება მათ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ გააჩნდათ. ჯერ ერთი, თუ შტატგარეშე მოსამსახურეებს ასეთი ვალდებულება არ გააჩნდათ, ეს პირველ რიგში, კონტროლის პალატის ხელმძღვანელობის მუშაობის ხარვეზად უნდა ჩაითვალოს, რადგან შესაბამისი მუხლები შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენის თაობაზე მათ უნდა ჩაეწერათ ხელშეკრულებაში. მეორეც, თუ შტატგარეშე მოსამსახურეს ასეთი ვალდებულება არ გააჩნდა, გამოდის, რომ კონტროლის პალატაში (აუდიტის სამსახურში) სათანადო ყურადღება არ ექცეოდა შტატგარეშე მოსამსახურეების მიერ შესასრულებელი და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების კონტროლს და აქედან გამომდინარე, არ არსებობდა გაწეული მუშაობის  შეფასების შესაბამისი მექანიზმიც.”

კომისია გამოთქვამს ვარაუდს, რომ 2012 წელს აუდიტის სამსახურში პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით დასაქმებული ზოგიერთი შტატგარეშე მოსამსახურე ხელშეკრულებით განსაზღვრული საქმიანობით არ იყო დაკავებული ან სათანადოდ ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. 

 

“ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მწირი ინფორმაციის ანალიზით გაირკვა, რომ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, წლის განმავლობაში, სულ გამოქვეყნდა 88 სიახლე (ახალი ამბავი). აქედან, 60 (68.2%) მომზადებული და გამოქვეყნებული იყო პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ. დანარჩენი 28 ინფორმაციიდან კი 16 (18.2%) შეეხებოდა საერთაშორისო თანამშრომლობას, უცხოელების მიღება-მასპინძლობას, მხოლოდ 1 (1.1%) – აუდიტორულ საქმიანობას (ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების მდგომარეობის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვას), ხოლო 11 (12.5%) – სხვა საქმიანობას: 2 შემთხვევაში – დღესასწაულების მილოცვას, 1 შემთხვევაში – კონტროლის პალატის ქუთაისის ადმინისტრაციული შენობის მოსწავლეების მიერ დათვალიერებას, 3 შემთხვევაში – ლ. ბეჟაშვილის გადადგომასა და ამ თემაზე მის განცხადებებს, 1 შემთხვევაში – ლ. თორდიას წარდგენას, ერთ შემთხვევაში – ბიუჯეტის შესახებ მოხსენების საკითხს. გამოდის, რომ აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანების მიხედვით გაწეული საქმიანობის საჯაროობის მიზნით, 2012 წელს პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა.”

აუდიტის სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება
აუდიტის სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება

 

თავად ლაშა ხარაზიშვილი media.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ ესმის კანონის რა ნორმა დაარღვია:

 

„რთული პერიოდი მქონდა და დავთანხმდი შემოთავაზებაზე მემუშავა შტატგარეშე მედია კონსულტანტად და ყოველთვიურად ხელფასს 1500 ლარს ვიღებდი. იყო პრემიებიც… ეს შეთავსება შეთანხმებული მქონდა “იმედის” ხელმძღვანელობასთან, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩემს გართულებულ პირად პრობლემებს და ხელი შეუწყო მათ გადაჭრას. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ჩემი ინიციატივით, თანამშრომლობა შეწყდა. ჩემთვის გაუგებარია, კანონის რა ნორმა დავარღვიე“, – აცხადებს ლაშა ხარაზიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი