ახალი ამბები

პრემიერი: ღმერთმა ქნას, რომ ქეთევან დედოფლის სული შეეწიოს საქართველოს

26 სექტემბერი, 2017 • 2875
პრემიერი: ღმერთმა ქნას, რომ ქეთევან დედოფლის სული შეეწიოს საქართველოს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა წმინდა მართლმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღის მილოცვით დაიწყო:

“მინდა ყველა მართლმადიდებელს მივულოცო წმინდა მართლმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე და მინდა დიდი სიხარულით აღვნიშნო ის უდიდესი მოვლენა, რაც მოხდა გასული დღეების განმავლობაში, რომ საქართველოში ჩამობრძანდა წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები. ღმერთმა ქნას, რომ ამ უდიდესი მოწამის სული შეეწიოს საქართველოს და მართლაც ძალიან დიდი რამ მოხდა, რაც წლების განმავლობაში იყო სანატრელი და მიუწვდომელი. დღეს ეს შესაძლებელი გახდა და მე მინდა ყველა თქვენგანს მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული და ქეთევან დედოფლის ჩამობრძანება საქართველოში. განსაკუთრებით ქეთევანებს მივულოცავ ამ დღეს”,- განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ქეთევან დედოფლის ნეშტის ინდოეთიდან საქართველოში ჩამოტანასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახევარი წლით მოგზაურობაზე მთავრობა 343 310 ლარს ხარჯავს.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი (დაახლოებით 1570-1624), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე.

ისტორიული წყაროების მიხედვით, დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში წაიღეს დასაკრძალად. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოიტანეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY–მ გაავრცელა განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი