ახალი ამბები

კომუნიკაციის პრობლემა გია დვალის ჯგუფსა და განათლების სამინისტროს შორის

28 მაისი, 2013 •
კომუნიკაციის პრობლემა გია დვალის ჯგუფსა და განათლების სამინისტროს შორის

“სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის” – ასე ჰქვია 7 უნივერსიტეტისა და სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შექმნილ ჯგუფს, რომელიც გია დვალის ჯგუფის მიერ დაწერილ კონფეციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.


ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ დღეს, იმის მიუხედავად, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში უმთავრესი პრობლემის, ხელმწისაწვდომობის კუთხით უკვე სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯი დაფინანსების სახით გადადგა, ეს სწავლის ხარისხზე არ აისახება.


“დიდი შეღავათი არ იქნება, თუკი მაგალითად, ტანსაცმელს იმაზე იაფად მოგყიდიან, ვიდრე გუშინ, თუ ეს სამოსი ტანზე არ მოგერგებათ,”- ამბობენ სტუდენტები. ისინი სწავლის ხარისხის ზრდას უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის ამოქმედებაში ხედავენ.


გია დვალის ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც არსებობს, სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: ეს არის მაღალი ხარისხის პრინციპი – უნივერსიტეტებში უმაღლესი აკადემიური პერსონალის შერჩევა უნდა დაეფუძნოს მაღალი ხარისხის პრინციპს; გარე რეფერირების პრინციპი – პროფესორის მაღალი სამეცნიერო/შემოქმედებითი რეპუტაციის განსაზღვრის კომპეტენცია ექნებათ არა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ან ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ მხოლოდ მაღალი საერთაშორისო დონის მეცნიერებს, ანუ მეცნიერები აირჩევენ მეცნიერებს (ეს სისტემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია); და ტენიურების პრინციპი, – მას შემდეგ, რაც პროფესორი გამოვლენილი და მიწვეული იქნება უნივერსიტეტში, მასთან უნდა გაფორმდეს ისეთი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მის აკადემიურ თავისუფლებას პოლიტიკური თუ სხვა ტიპის გავლენისგან უზრუნველყოფს.


სტუდენტთა გაერთიანება ამ ეტაპზე ერთადერთი ჯგუფი აღმოჩნდა, რომელმაც აღნიშნული კონცეფციის მხარდასაჭერად პიარ აქციები დაგეგმა. აკადემიური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის კონცეფციის შესახებ დისკუსია აქამდე არ შემდგარა, შესაბამისად, საზოგადოების ფართო წრეებისთვის უცნობია, რაში მდომარეობს რეფორმის არსი. ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების თვალსაზრისით, კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფი სახელმწიფოს როლს ხედავს.


გია დვალი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სტუდენტების მხარდაჭერაც მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, ვინაიდან, მისივე თქმით, შეიძლება ეს მხარდაჭერაც არ ყოფილიყო.


“ისინი აკეთებებ იმ საქმეს, რომელიც სხვისი გასაკეთებელი იყო,”- ამბობს ის.

 

გარდა იმისა, რომ უშუალოდ კონცეფციის პროექტის განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ხედავს გია დვალი, მისი თქმით, მას შემთხვევით გადაუგზავნეს პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს სახელით წარადგენენ.


“სამოქმედო გეგმის განხილვა ხდება. მე არ ვიცი, რა გეგმაა ეს. მხოლოდ პრეზენტაციით ვერ გაიგებ მის შინაარსს. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდებიან, ვერ ხედავენ კავშირს ჩვენს კონცეფციასთან. იმ დოკუმენტში ტენუირება საერთოდ არ ყოფილა ნახსენები. ხდება სამოქმედო გეგმის განხილვა სამინისტროს ეგიდით. ამ დოკუმენტთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. თუ სამინისტრო ქმნის დოკუმენტს, მივიჩნევთ, რომ უცნაურია, რომ არ შეგვითანხმეს ჩვენ მისი არსებობა. ასე რეფორმები არ კეთდება,”- ამბობს დვალი.


მისივე განმარტებით, კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფი არ აპირებს რაიმე სახით სამინისტროს საქმიანობაში ჩარევას.  


“ჩარევას არ აპირებს გუნდი სამინისტროს საქმიანობაში. ახალი ფორმატების კორექტირება არ გამოვა, ჩავიძირებით გაუთავებელ ტექნიკურ დისკუსიებში, რაც არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, როგორ უნდა გაკეთდეს რეფორმა,”- ამბობს დვალი.


გია დვალი და მეცნიერი ზაზა კოკაია, რომელიც, ასევე, კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფის წევრია, არ გამორიცხავენ, რომ კომისიის წევრების ჩართვის გარეშე მსგავსი პრეზენტაციების მოწყობით, შესაძლოა, რეფორმის არასწორად წარმართვა მოხდეს.


რატომ არ იციან კონცეფციის ავტორებმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც უმაღლეს განათლების რეფორმაზე მუშაობდნენ, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში რა ტიპის დოკუმენტის პრეზენტაცია ხდება განათლების სამინისტროში მომუშავე სხვა ჯგუფის მიერ, რატომ არ არის კომუნიკაცია მხარეებს შორის და რა კეთდება გია დვალის ჯგუფის მიერ შემუშვებული კონცეფციის ასამუშავებლად, ამ კითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ.


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი, მამუკა ბერიშვილი ამბობს, რომ თუ გია დვალის ჯგუფის წევრებს რაიმე ტიპის პრობლემა შეექმნათ ამ მხრივ, ეს კომუნიკაციის ბრალი იქნება.


“ეტყობა კომუნიკაციის პრობლემაა. ბევრ უმაღლესთან გვქონდა შეხვედრა, სადაც ცვლილებების შესახებ ვაცნობთ. გია დვალთან და ჯგუფის სხვა წევრებთან შეხვედრა რამდენიმე თვის წინ გვქონდა და მაშინ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გაგვიგია მათგან,”- ამბობს ის.


როგორც ირკვევა, სამინისტროს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ თსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტის, სოხუმისა და რამდენიმე რეგიონში არსებული უნივერსიტეტის აკადემიურ წრეებს და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გააცნეს. შეხვედრები კიდევ გრძელდება.


შეეხება თუ არა ეს ცვლილებები იმ კონცეფციის შინაარსს, რომელზეც დვალი და მისი გუნდი მუშაობდა, ამაზე განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ცალსახად არ პასუხობს:


მამუკა ბერიშვილის თქმით, სამინისტრო რამდენიმე თვეა უკვე მუშაობს უმაღლესი განათლების შესახებ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტზე.  


“განზრახული გვაქვს მთლიანად ახალი კანონის შექმნა, ვინაიდან 2004 წლიდან ისეთი ცვლილებებია შეტანილი, პრაქტიკურად აღარ იკითხება. არ გვინდა რეფორმის პროცესში ავჩქარდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ, იმას რაც მივიღეთ აქამდე. ფაქიზი რეფორმირებაა საჭირო. ცვლილებათა სრული პაკეტი ჯერ არსებობს, თუმცა, შეგვიძლია უკვე რამდენიმე მუხლზე საუბარი, რომელიც რექტორებისა და დეკანთა არჩევნების წესს შეეხება. ასევე, კანცლერისა და სენატის ფუნქციებს. აკადემიური თავისუფლების და უნივერისიტეტს ავტონომიურობის დეკლარაციის მიღება ახლა გვიწევს, რომელიც აქამდეც უნდა მიღო ქვეყნას. მაგალითად, ვამბობთ, რომ არ შეიძლება რექტორს მინიმალური აკადემიური მოთხოვნა ჰქონდეს წაყენებული, ან რომ დეკანს არ შეუძლია იყოს სტუდენტი და სტუდენტი არ შეიძლება პროფესორები ხელმძღვანელი იყოს. ბევრი აბსურდი და აკადემიური ნონსენსია დღეს,”- ამბობს მინისტრის მრჩეველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი