ახალი ამბები

ივანიშვილი: გარანტირებული უნდა იყოს სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობა

28 მაისი, 2013 • 1041
ივანიშვილი: გარანტირებული უნდა იყოს სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობა

“დამოუკიდებელი, ძლიერი, ეფექტიანი მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია და ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობის მქონე პოლიტიკურმა ძალამ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ სასამართლო სისტემამ ჩაურევლად  დაიწყოს არსებობა და განვითარება”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.   

 

9 ივნისს გაიმართება მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც მოსამართლეები აირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს რეფორმირებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში:

 

ბიძინა ივანიშვილი და კონსტანტინე კუბლაშვილი
ბიძინა ივანიშვილი და კონსტანტინე კუბლაშვილი

“იმედს გამოვთქვამ, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლად და კვალიფიციურად გამოიყენებენ მათთვის მინიჭებულ გაზრდილ უფლებებს, ხოლო არჩევნების პროცესი გამჭვირვალე და გახსნილი იქნება დამკვირვებლებისათვის.

 

ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემისთვის, არ გამოვრიცხავ, გარეშე პირებს გაუჩნდეთ იმის ცდუნება, რომ ზეგავლენა მოახდინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნების შედეგებზე. ეს დაუშვებლად მიმაჩნია, რადგან იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, გარანტირებული უნდა იყოს მის საქმიანობაში ჩაურევლობა.

 

მჯერა, რომ დღეს საქართველო ისე ახლოს არის დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების მიზანთან, როგორც არასდროს. დარწმუნებული ვარ, როგორც სასამართლო სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ, ყველა აცნობიერებს ამ მოვლენის მნიშვნელობას. ამიტომ, ყველამ ერთად შევუწყოთ ხელი მოსამართლეებს, რათა მათ შეძლონ დამოუკიდებლად და ჩაურევლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი