ახალი ამბები

თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ ბრალდებულებისთვის პატიმრობა მოითხოვა

28 მაისი, 2013 • 1010
თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ ბრალდებულებისთვის პატიმრობა მოითხოვა

პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულები შეიძლება მიიმალონ, არ გამოცხადნენ სასამართლოში, ჩაიდინონ დანაშაული და ან ხელი შეუშალონ მტკიცებულებების მოპოვებას. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათმა ადვოკატებმა მოითხოვეს თავდებობის ან უკიდურეს შემთხვევაში 2 ათას ლარიანი გირაოს გამოყენება.


ერთ-ერთი ბრალდებულის, ზაზა ჭაიას განცხადებით, ის 4 დღეა მშრალ შიმშილობაზეა. მისი თქმით, დაკავებული პოლიციელები 24 მაისს დაიბარეს და რომელიმე მათგანს დანაშაულის საკუთარ თავზე აღება მოსთხოვეს.

 

“თუკი ამას რომელიც გააკეთებდა, ერთ პოლიციელს გამოუშვებდნენ პირობითით და დანარჩენებს გაათავისუფლებდნენ,” -ამბობს დაკავებული.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ შეთავაზებაზე მათ უარი განაცხადეს.

 

ჭაიას განმარტებითვე, 2012 წლის ოქტომბრის თვეში, პირადად ის მთავარი პროკურორის მოადგილესთან, ლაშა ნაცვლიშვილთან დაიბარეს. ჭაია ამბობს, რომ ნაცვლიშვილმა მას განუმარტა, რომ საქმე შეეხება “ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს და ის კაცი გაგანადგურებს.”

 

“თუმცა, მე მას ვუთხარი, რომ დანაშაული არ მიმიძღვის,”-ამბობს ჭაია.

 

ამ წუთებში (13: 20) მოსამართლე გასულია გადაწყვეტილების მისაღებად აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. 

 

პროკურატურის განმარტებით, გამოძიებით დადგენილია, რომ “2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არ არსებობის მიუხედავად ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი. დაკავებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი