ახალი ამბები

რა პრობლემის შექმნა შეუძლია პატიმარ მერაბიშვილს

28 მაისი, 2013 • 1251
რა პრობლემის შექმნა შეუძლია პატიმარ მერაბიშვილს

„საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი იხსენებს, რომ როდესაც იულია ტიმოშნეკო დააკავეს, დასავლეთის მხრიდან მყისიერად არ მომხდარა აპელირება იმის თაობაზე, რომ უკრაინის ექს–პრემიერის დაპატიმრება უკანონობა იყო:

“უკრაინის მისამართით მკაცრი განცხადებები იყო, მაგრამ თავიდან არ ყოფილა მითითება, რომ აი, გამოუშვით და მორჩა… თავიდან ასე არ ყოფილა, მაგრამ მერე, სულ უფრო გამკაცრდა [ეს რიტორიკა], განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ უკრაინის მდგომარეობა გახდა რთული. ვერ მოახერხა უკრაინის მთავრობამ ეს რთული საქმე ისეთნაირად გამოეძიებინა, რომ მართლა დაედგინა ტიმოშენკოს ბრალეულობა. ამასობაში მან რამდენიმე წელიწადი გაატარა ციხეში. რა თქმა უნდა, ეს ამძიმებს სიტუაციას და ეჭვი მეპარება, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრიანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა შეძლოს. როდესაც აღმოჩნდა, რომ მტკიცებულებები, რის გამოც ტიმოშენკო  დააკავეს, სერიოზული არ იყო, ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. იგივე საშიშროება არსებობს აქაც, თუ ვანო მერაბიშვილს მარტო ეს ბრალდება დარჩება”.


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) არის ბრალდებული. მისი საბრალდებო საქმე ორ ეპიზოდს მოიცავს – 2012 წელს განხორციელებულ დასაქმების სახელმწიფო პროგრამას, როდესაც მერაბიშვილი პრემიერი იყო და სხვისი ქონების (კვარიათში მდებარე საცხოვრებელი სახლის) მითვისებას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, როდესაც ის შს მინისტრი იყო. ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ყოფილ პრემიერსა და ამჟამად მთავარი ოპოზიციური პარტიის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს 2011 წელს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე, რომლითაც უკრაინის საგამოძიებო უწყებები პრემიერის თანამდებობაზე მუშაობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი რუსეთთან გაზის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესში. ამის შემდეგ უკრაინის პროკურატურამ იულია ტიმოშენკოს კიდევ რამდენიმე სახის ბრალდება წაუყენეს, კერძოდ, საქმე ეხება გადასახადების დამალვას, ასევე, 1996 წელს ბიზნესმენისა და ყოფილი დეპუტატის ევგენი შერბანის მკვლელობას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინის ყოფილ პრემიერს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.


მძიმე ბრალდებების მიუხედავად, იულია ტიმოშენკოს მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურებს პოლიტიკურ დევნად აღიარებენ დასავლეთში, რაც კიდევ უფრო გაამყარა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება იყო პოლიტიკურად მოტივირებული.


პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მათი პარტიის გენერალური მდივნის დაპატიმრებას. ამის გამო დღეს, 28 მაისს, 14:00 საათზე “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, საქართველოს 10 ქალაქში, საოლქო პროკურატურის შენობებთან საპროტესტო აქციები გაიმართება.


როდესაც მერაბიშვილის დაპატიმრების შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, პარალელები უკრაინის მოვლენებთან გაავლო და აღნიშნა, რომ ეს პრობლემას შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ანალოგიური პარალელის გავლების წინააღმდეგის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ არც ევროპაში და არც შეერთებულ შტატებში საკითხს ამგვარად არავინ აყენებს.


საქართველოს ყოფილი პრემიერის დაპატიმრებას ამ დროისთვის შედარებით ზომიერი განცხადებებით გამოეხმაურნენ აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. მაგალითად, როგორც ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშული, ევროკავშირი მოელის, რომ საქართველოს ექსპრემიერის სასამართლო პროცესი სამართლიანად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარიმართება. 


შედარებით უფრო მკაცრი აღმოჩნდა შეფასებებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სუარესი, რომლის თქმით, “პოლიტიკური ოპონენტების გისოსებში გამოკეტვა არ მოაგვარებს პრობლემებს, პირიქით, ეს შექმნის ახალ პრობლემებს”.


აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს, პატრიკ ვენტრელს პრესკონფერენციაზე ერთ–ერთმა ჟურნალისტმა რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმულირებით ჰკითხა, ფიქრობდა, თუ არა აშშ, რომ მერაბიშვილის სასამართლო პროცესების უკან შესაძლოა პოლიტიკური მოტივაცია მდგარიყო, თუმცა ამერიკელმა დიპლომატმა დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ჯერჯერობით მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ამ საქმეების შესახებ.

ტიმოშენკო-მერაბიშვილი
ტიმოშენკო-მერაბიშვილი

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ თუ ახლო მომავალში ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები არ წარმოადგენენ ძლიერ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რატომ მოითხოვეს ექს–პრემიერის დაპატიმრება, დასავლეთის გამოხმაურებები და რეაქცია თანდათანაბოთ გამძაფრდება:


“მე არ შეიმძლია ვამტკიცო ან მერაბიშილის უდანაშუალობა, ან მისი ბრალეულობა. ჯერ ჩვენ ვხედავთ, რომ მერაბიშვილის დაკავება არ არის ისეთი მძიმე მუხლით, რომლის გამოც შეიძლებოდა, რომ ყოფილი პრმეიერი და ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი წინასწარ პატიმრობაში გაემწესებინათ. ალბათ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიძებნოს სერიოზული არგუმენტები მისი დაკავებისთვის. თუ ეს არგუმენტები ძალიან სწრაფად არ დაიდო, რა თქმა უნდა, ეს ნელ–ნელა ჩვენს საერთაშორისო სიტუაციას და ურთიერთობებს დაამძიმებს. გასაგებია, რომ მოსახლეობაში მერაბიშვილის მიმართ უარყოფითი შეხედულება არსებობს და მის დაკავებას მოსახლეობის პროტესტი არ მოჰყვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც ასე ადვილად შეეგუება ვითარების ასეთნაირად გნავითარებას, თუ, რა თქმა უნდა, ამას არ ექნა სერიოზული სამართლებრივი საფუძველი: მტკიცებულებები  და საქმის არატენდეცნიურად წარმოება”.

 

გოგოლაშვილი არ ფიქრობს, რომ მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისათვის სასამართლოში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები: დიპლომატიური პასპორტი, ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა და სხვა, დასავლეთის თვალში ძლიერ არგუმენტებად იქნება აღქმული. მისი თქმით, ეს სუსტი არგუმენტებია, რადგან პროკურატურას შეეძლო, რომ მისი დაპატიმრების ნაცვლად დიპლომატიური პასპორტის გაუქმება მოეთხოვა და ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ ხელწერილი ჩამოერთმია, ან საერთოდ შინაპატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ წარმოუდგენია მას მერაბიშვილის საქმის გამო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დამძიმება, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ისე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა:

 

“მერაბიშვილის მიმართ საზოგადოებაში უფრო მეტ ადამიანს აქვს დამოკიდებულება, როგორც მონსტრის ან დამნაშავის მიმართ, მაგრამ ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არაფერს უნდა ნიშნავდეს. ეს არის მხოლოდ საზოგადოებრივი დამოკიდებულება. ტიმოშენკო, როგორც პოლიტიკური ლიდერი, უკრაინაში მეტი მხარდაჭერით სარგებლობდა. ის მაინც იყო ერთ–ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალის ლიდერი. მე ვერ ვიტყოდი, რომ მერაბიშვილი არის წამყვანი პოლიტიკური ლიდერი, ის იყო უფრო ადმინსტრატორი, მაგრამ ფორმალურად მერაბიშვილიც პოლიტიკური ლიდერი და გენერალური მდივანია სიდიდით მეორე პარტიის, რაც პატარა საქმე არ არის”, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

 

უკრაინაში იულია ტიმოშენკოს პოლიტიკური ძალა “ბატკივშინა” “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) წევრია, ისევე როგორც – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის (კახეთის გუბერნატორი) წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნის გამო შეშფოთება უკვე გამოხატა EPP-ის ლიდერმა ვილფრედ მარტენსმა, ვისი განცხადებითაც ეს დაკავებები ძალიან სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რადგან ვანო მერაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციურ კანდიდატად განიხილება. მისი თქმით, თუ ეს დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდება, ამან შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პროცესი გაყინოს. გოგოლაშვილის აზრით, იმაში, რომ ტიმოშენკოს საქმე ევროპაში თავის დროზე ასეთი რეზონანსული გახდა, თავისი როლი “ევროპის სახალხო პარტიამაც” ითამაშა. იგი ელის, რომ EPP, რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია აქვს, მარტივად არც მერაბიშვილის საქმეს შეხედავას, რადგან ტიმოშენკოს დაპატიმრების შემდეგ საქართველოს ექს–პრემიერის დაკავება მათ იმიჯზე ნეგატიურად აისახება.

 

“ისინი ამაზე ასე მარტივად არ გაჩერდებიან. მათი მხრიდან იქნება ძალიან სერიოზული მონიტორინგი ამ საქმესთან დაკავშირებით”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

 

მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ისეთი რამ არ მოხდეს, რაც უკრაინის შემთხვევაში, საჭიროა, რომ ხელისუფლებამ სერიოზული მტკიცებულებები დადოს და ბრალეულობა კარგად გამოკვეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტიმოშენკოს და მერაბიშვილის დაკავების ორი ფაქტი ერთმანეთს დაემსგავსება. მისივე თქმით, აქ მთავარი მხოლოდ ის არ არის, რომ პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეიძლება შეჩერდეს:

 

“ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიზანი არის არა ნატოსა და ევროკავშირში შესვლა, არამედ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დასავლეთის და ევროკავშირის სრული მხარდაჭერის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაც მთავრი პრიორიტეტებია, მაგრამ ახლა ყველაზე მწვავედ დგას საკითხი: ჩვენ როგორც ქვეყანამ, არ დავკარგოთ ევროპის და ამერიკის მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ ვთქვათ, თვეში ერთხელ გაკეთდება განცხადება, რომ საქართველოს მთავრობა რაღაცას არღვევს და კანონის უზენაესობა სათანადო დონეზე არ არის, როგორ გგონიათ, დეოკუპაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან იგივე ენთუზიაზმით გაკეთდება განცხადებები? ევროსაბჭოში იგივე ენთუზიაზმით მოხდება იმის ლობირება, რომ რუსეთზე ზეწოლა შენარჩუნდეს ან თუნდაც ევროპელი დიპლომატები ისეთივე გულისყურით და რესურსებით გააგრძელებენ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას? ეს ურთიერთდაკავშირებული საკითხებია”, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საფუძვლიანი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გამოძიება მაღალი რანგის თანამდებობის პირების საქმეების გამოძიებას გააგრძელებს და ეს არც ევროპელებისთვის არის უცხო. ამის მაგალითად ის კრისტიან ვულფის შემთხვევას იხსენებს, როცა იგი გერმანიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია, გრძელდება. 2013 წლის აპრილში გერმანიის პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს კორუფციის ბრალდება წარუდგინა, თუმცა გამოძიებას, რომელიც გრძელდება, იგი არ დაუკავებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი