ახალი ამბები

„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

28 მაისი, 2013 • 984
„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, სერგო მ. 2013 წლის 27 მაისს, საღამოს 9 საათზე თამარ მეფის გამზირზე, საქართველოს ბანკის „ექსპრეს ცენტრი“-ს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით დიდი თანხა – 11 757 ლარი, 3 740 ევრო და 13 958 აშშ დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა სერგო მ. მომხდარიდან 3 საათში თბილისში, რესტორან „ტიფლისში“ დააკავეს.

 

შსს-ს ცნობით, ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას ნაყაჩაღარი თანხა სრულად ამოღებულია ნივთმტკიცებად.

 

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მომხდარ დანაშაულში ბრალდებულის თანამზრახველი იყო. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული  ილია ქ. თაბუკაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათში დააკავეს.

 

შსს-ს ცნობით, ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც 8–დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე–5 განყოფილება აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი