ახალი ამბები

დაცვამ უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტი არ შეუშვა

27 მაისი, 2013 • 2121
დაცვამ უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტი არ შეუშვა

 

 

ტარიელ ცეცხლაძე დღევანდელი ინციდენტის შესახებ ყვება: „მე დაცვასთან არ დამიწყია საქმის გარჩევა და დავურეკე დეპუტატ დათო ბაციკაძეს. დეპუტატმა მოგვიანებით მითხრა, რომ მარინა კუპრეიშვილმა უარი განაცხადა ჩემ შეშვებაზე. დავურეკე დეპუტატებს – აკაკი ძნელაძეს, სულხან ღლონტს, მოგვიანებით მოვიდნენ  ასმათ დიასამიძე, ეკატერინე თარგამაძე და სვეტლანა კუდბა. მათ კარებში ვთხოვე -ქალბატონო დეპუტატებო, პრობლემა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ-თქო. ამ დროს გამოვიდა მარინა კუპრეიშვილი, ასმათ დიასამიძემ ჰკითხა, თუ რატომ არ მიშვებდა. მარინამ თქვა – ტატომ უჩივლა თავმჯდომარეს და უხერხულია ბრიფინგს დაესწროსო. ბრიფინგის დამთავრების შემდეგ გამოვიდა კუპრეიშვილი და მითხრა – ბრიფინგი დამთავრდა და შეგიძლია შემოხვიდეო“.

 

 

ტარიელ ცეცხლაძემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ჯერ კიდევ მაშინ უჩივლა სასამართლოში, როდესაც ის აჭარის ტელევიზიაში არ მუშაობდა. ტერიელ ცეცხლაძე ამის შემდეგ დაინიშნა აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტში. ის ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ პირდაპირმა ხელმძღვანელმა რამდენჯერმე მოსთხოვა სარჩელის უკან გამოტანა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ტარიელ ცეცხლაძე დღევანდელ ინციდენტს სწორედ ამის გაგრძელებად მიიჩნევს.

 

 

ტარიელ ცეცხლაძე ასევე ამბობს, რომ მის საქმიანობაში ჩარევას უმაღლესი საბჭო აქამდეც უხეშად ცდილობდა. ჟურნალისტს ამის საილუსტრაციოდ აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოდან მის მიერ მომზადებულ სიუჟეტი მოჰყავს:

 

 

„ამ სიუჟეტის თაობაზე პროდისურს, თამილა დოლიძეს დაურეკა მარინა კუპრეიშვილმა, მერე ავთანდილ ბერიძემ… თავად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკარნახა ტექსტი სიტყვა სიტყვით პროდიუსერს… ტექსტი ისე შეცვალეს, რომ მხოლოდ სახელი და გვარი – ავთანდილ ბერიძე დარჩა… ერთი კვირის შემდეგ, ავთანდილ ბერიძემ პროდიუსერს უთხრა, ტატოს არ ვუყვარვარ და იქნებ ის აღარ გამოუშვათ უმაღლეს საბჭოშიო. ამის შესახებ მოხსენება დავუწერე ტელე-რადიოდეპარტამენტის თავმჯდომარეს“.

 

ფაქტს აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი თამილა დოლიძე ადასტურებს და შემდეგ განმარტებას აკეთებს:

 

 

„ჟურნალისტის ტექსტი იყო არაფრის მთქმელი, პრეს-სამსახურიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რატომ ჩანს ამ საკითხზე ასეთი ტენდენციური მიდგომა. მთავარი რედაქტორი რას აკეთებს ამ შემთხვევაშიო. მე როგორც საჯარო სამსახურის მოხელემ, მოვისმინე ტექსტი და ჩავასწორე, კი არ ჩავასწორე განვავრცე… მეტი არაფერი არ ყოფილა. მე მაგ დონის ჟურნალისტი ვარ ავთანდილ ბერიძემ მიკარნახოს?! შემიძლია ცოტა სხვა რაღაცეებიც გითხრათ – ტატო სულ იგვიანებს, ჯგუფთან ვერ მუშაობს…“

 

 

თამილა დოლიძის თქმით, კვირას და ორშაბათს ტარიელ ცეცხლაძე ისვენებს, შესაბამისად, მისთვის უცნობია, რატომ მივიდა ჟურნალისტი ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე: „ჩვენ გავუშვით ეკა დავითაძე“.

 

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სულხან ღლონტი ამბობს, რომ დღევანდელი ინციდენტი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია:

 

 

„ამას ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნი. დეპუტატები ამ საკითხზე შევთანხმდით, რომ  მოვითხოვთ განმარტებას შესაბამისი სამსახურისგან, რომელიც არის ვალდებული, უზრულველყოს ჟურნალისტების თავისუფალი დაშვება თუ უმაღლესი საბჭოს გახსნილობა მასმედიის მიმართ, რატომ ჰქონდა ამ სამწუხარო ფაქტს ადგილი. იმედია, შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ. როგორიც არ უნდა იყოს განმარტება, წინასწარ შემიძლია გითხრათ, ძალიან რთულად იქნება ეს ყველაფერი ჩემთვის მისაღები, რადგან არ მესმის მიზეზი, რატომ არ შეიძლება ჟურნალისტი არ დაესწროს თავმჯდომარის ტრადიციულ ბრიფინგს“.

 

 

 

კიდევ ერთი დეპუტატი, ვისაც დახმარებისთვის მიმართა ჟურნალისტმა, დავით ბაციკაძე ამბობს: „ამ საკითხზე ხვალ მექნება შეხვედრა. მარინასგან მაინტერესებს, რატომ მოიქცა ასე. ეს არ იქნება საჯარო შეხვედრა. ბევრ რამეს საჯაროს ვერ გავხდი, მაგრამ თუ დამტკიცდა ის, რასაც ამბობს ტატო, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ყველა ვარიანტში… არ შემოუშვა ჟურნალისტის იმიტომ, რომ მან ასე გადაწყვიტა… არსებობს კანონი… მთელი ცხოვრება მსგავს რამეს ვეწინააღმდეგებოდი და არ ვფიქრობ, რომ ისე უნდა მოვიქცე, როგორც წინა ხელისუფლება იქცეოდა“.

 

 

სოსო სტურუა, აჭარის ტელე-რადიოდეპარტამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ტელევიზია თავისი თანამშრომლის ინტერესებს დაიცავს: „ტატო რასაც აპირებს, ჩვენც იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. თუკი ის ჩათვლის, რომ მისი,  როგორც ჟურნალისტის უფლებები დაირღვა, მაშინ მიმართავს სასამართლოს. ტატო სრულიად თავისუფალია – სადაც უნდა იქ წავა და იქედან იმუშავებს“.

 

 

უმაღლესი საბჭოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, მარინე კუპრეიშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. „დაველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები და იმის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს“, – ამბობს მარინე კუპრეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი