ახალი ამბები

ცესკო: ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობის კარი შეამტვრიეს, დაზიანებულია ინვენტარი

24 სექტემბერი, 2017 • 1874
ცესკო: ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობის კარი შეამტვრიეს, დაზიანებულია ინვენტარი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გუშინ ღამით ინციდენტი მოხდა ქალაქ ოზურგეთის მეექვსე საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში. კერძოდ, ცესკოს ინფორმაციით, უბანზე შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია  ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია).

“შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა; ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები  მიმდინარეობს. ზემოაღნიშნული ინციდენტი არ იქონიებს ზეგავლენას საუბნო საარჩევნო კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაზე; დაზიანებული კედლის სია განკუთვნილია ამომრჩევლებისთვის, რომ მათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ; საარჩევნო ადმინისტრაცია  უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს  ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას” – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გარდაბნის #31 საუბნოსაარჩევნო კომისიაშიც დაფიქსირდა. ცესკო-ში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია ასეთი ძალადობრივი ქმედებები და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული ინციდენტები წარმოადგენს იზოლირებულ, დაუგეგმავ ერთეულ შემთხვევებს და არ მიიღებს საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ სისტემურ ხასიათს.

მასალების გადაბეჭდვის წესი