საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა უსუფაშვილს მის სახელზე შესულ განცხადებაზე დროული რეაგირება თხოვა:
“თქვენს სახელზე შემოსული არის პარლამენტის წევრების ირმა ნადირაშვილის და სერგო რატიანის განცხადება საპატიმრო დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება დროულად არის მისაღები და არგუმენტირებულია, მე ვფიქრობ იმით, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გასამართ პრაიმერში ერთ–ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო. ეს კიდევ უფრო ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს მის დაკავებასთან დაკავშირებით. ამიტომ, დეპუტატების დროული შესვლა და ინფორმაციის მიღება შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ჩვენი პარტიის საქმიანობისთვის, ასევე ზოგადად წინასაარჩევნო პროცესის სიჯანსაღისთვის.”
უსუფაშვილის თქმით, ის თავს იკავებდა აღნიშნულ განცხადებაზე საჯაროდ ლაპარაკისგან:
“მე თავს ვიკავებდი და ჯერ კიდევ თავს ვიკავებ საჯაროდ საუბრისგან იმ მომართვის, რომელიც თქვენ ახსენეთ, ქალბატონი ნადირაშვილი და და ბატონი რატიანის მომართვაზე. თუმცა, თუ კიდევ ერთხელ იქნება თხოვნა თუ მოთხოვნა, რომ პასუხი გაგცეთ, მათ შორის საჯაროდ, მომიწევს საჯაროდ პასუხის გაცემა, თუ რატომ მიმაჩნია დღევანდელმა და მომავალმა თავმჯდომარემ ასეთ წერილს სერიოზულად შეხედოს და ასეთი წერილიდან გამომდინარე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. ახლა ამით შემოვიფარგლები, თუ გინდათ დამატებით გავიაროთ ეს თემა, მაგრამ თუ კვლავ დასვამთ ამ საკითხს, მაშინ იძულებული ვიქნები პასუხი გაგცეთ საჯაროდაც.”
უსუფაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის უფლების გამოყენებაზე, რომელიც საპატიმრო დაწესებულებებში შეუზღუდავად შესვლას ითვალისწინებს, მორატორიუმს აცხადებს:
“ჩემმა მცდელობამ განმარტებისა, თუ რას ემსახურება ეს ინსტიტუტი და რა შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული სამწუხაროდ ვერ ჰპოვა თანხმობა, თუ გააზრება ვერც უმრავლესობის და ვერც უმცირესობის მხრიდან. ამიტომ მე ხვალ ბიუროს სხდომამდე ჩამოვყალიბდები ამ საკითხზე, თუ როგორ ვაპირებ ამ უფლების გამოყენებას, ან საერთოდ ვაპირებ თუ არა დელეგირებას იმ უფლების, რომელცი კანონმდებლობით აქვს მინიჭებული პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, მე ხვალ გაცნობებთ ყველას რას გადავწყვეტ. შესაძლოა ვიფიქრო ასეთ ვერსიაზე, რომ ვაცხადებ მორატორიუმს ამ უფლების დელეგირებაზე, ამასობაში მზად ვარ მოვისმინო პარლამენტის თითოეული წევრის განცხადება, მოსაზრება, თუ რა საჭიროა და აუცილებელია დაკავებული პირის მონახულება. იმიტომ, რომ დელეგირების პრაქტიკამ მიიიღო სრულიად წარმოუდგენელი და ჩემი აზრით დაუშვებელი ფორმები. “
უსუფაშვილი ამის მაგალითად თამაზაშვილის საქმეს ასახელებს:
“თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, სწორად არიან დაკავებული საქმესთან დაკავშირებით, იარაღი ჩაუდეს, თუ არა და ა.შ. ეს პარლამენტის წევრის სამსჯელო რომ გახდეს, აქამდე მივდივართ. აქეთ არის მოთხოვნა, რომ გენერალურ მდივანთან პარტიის კონსულტაციაზე გავუშვათ პარლამენტის წევრები. იქნებ ისიც გვითხრათ, რომ თუ ბატონი ვანო მერაბიშვილი დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატად და თუ ის იქნება არჩეული და ამასობაში იქნება ციხეში, მაშინ როგორ ვმართოთ ქვეყანა? იქ მივიდეთ ხოლმე, რომ კანონზე მოგვიწეროს ხელი? განგვიმარტოთ იქნებ, პარლამენტის წევრის მიერ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პირის მონახულება რას ემსახურება, რა ინსტიტუტია ეს”.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მსგავსს განცხადებაზე ხელი მოუწერა უმრავლესობის წევრს. მისი თქმით, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო:
” როდესაც თხოვნაა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირს აქვს ინფორმაცია, სხვა პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე და ითხოვს პარლამენტის წევრთან შეხვედრას. თუ პროკურორობა უნდა ვინმეს, თუ პოლიციელობა უნდა ვინმეს და თუ ციხეში სიარული უნდა, ეს არის ცალკე დაწესებულება.ამიტომ მე გაგაცანით წინასწარი მოსაზრებები, ხვალ საბოლოო პოზიციას გაგაცნობთ.”