როგორც კომისიის და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ამბობს, დღეს 6 კანდიდატის მოსმენა გაიმართება:
“დღეს დაიწყო მერის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით გათვალისწინებული მეორე ეტაპი, კანდიდატებთან გასაუბრება. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ სამ კანდიდატს, მათ წარმოადგინეს თავისი პროგრამა, იყო შეკითხვები კომისიის მხრიდან. დღეს, ჯამში, 6 კანდიდატს მოვუსმენთ. შედეგები გასაუბრების შემდეგ გახდება ცნობილი.”
კომისიის წევრები, რომლებმაც კონკურსანტებს – ბაკურ ბალაჩივაძეს, როსტომ ერგემლიძეს და ლია გვენეტაძეს უკვე მოუსმინეს, ამ წუთებში ხატია ვედმედევას უსმენენ.
“ჩემი პრიოორიტეტი იქნება ის, რომ მე მინდა შევძლო ქუთაისის ახალი ფუნქციონალური დატვირთვა. მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს მაქსიმალურად დასაქმებული და ეკონომიკის ზრდას შევუწყოთ ქუთაისში ხელი. მე მზად ვარ კომისიიშ წევრების ყველა კითხვას ვუპასუხო,” – განაცხადა ვედმედევამ გასაუბრებაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბარში.
ქუთაისის მერის ვაკანტური პოსტის დაკავების მსურველი 69 პირიდან გასაუბრების ეტაპზე 12 კანდიდატი გადავიდა. საკონკურსო საატესტაციო კომისია მუშაობას ხვალაც გააგრძელებს და დარჩენილ 6 კანდიდატს მოუსმენს.