ახალი ამბები

ლევან ჩიტაძის მტკიცებით, მერაბიშვილის სიმამრმა მოქალაქეს ნახევარი მილიონი გამოსძალა

27 მაისი, 2013 • • 1202
ლევან ჩიტაძის მტკიცებით, მერაბიშვილის სიმამრმა მოქალაქეს ნახევარი მილიონი გამოსძალა

როგორც ლევან ჩიტაძემ განაცხადა, მან პროკურატურაში უკვე შეიტანა შესაბამისი განცხადება, რომლის საფუძველზეც გამოძიება უნდა დაიწყოს.

 

ჩიტაძის მტკიცებით, ვანო მერაბიშვილის სიმამრმა ალიბეგ სალაყაიამ და მოადგილემ ამირან მესხელმა დააშინეს დავით გურამიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორისა და მფლობელის დავით ჩიტაიას, კერძოდ, მათ არაერთგზის გამოსძალეს დავით ჩიტაიას თანხა, რომელმაც ჯამში დაახლოებით 500 ათასი ლარი შეადგინა.

 

“ისინი ჩიტაიას აშანტაჟებდნენ, რომ თუ მათ ამ ფულს მათ არ მისცემდა, პრობლემებს შეუქმნიდნენ, ის სამჯერ დააკავეს სხვადასხვა მიზეზით. ეს ბრალდებები იყო შეთითხნილი. მათ შანტაჟით მიაღწიეს შედეგს და ეს თანხა წაართვეს დავით ჩიტაიას. ჩვენ გვყავს მოწმეები, რომლებიც ღიად და თამამად ისაუბრებენ საქმის გარემოებებზე, როგორ ხდებოდა მათთვის ფულის გადაცემა. მოვუწოდებთ პროკურატურას, გონივრულ ვადებში დაასრულოს გამოძიება. გარდა ამისა, მოწმეების ნაწილი, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია, ამჟამადაც მუშაობენ საგამოძიებო უწყებებში, შესაბამისად, მათი დაკითხვა წაადგება გამოძიებას. მუქარები დაიწყო 2009 წელს და ეს გრძელდებოდა 2012 წლამდე”, – განაცხადა ლევან ჩიტაძემ. მისივე თქმით, საქმესთან კავშირი შესაძლოა განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრსს, დიმიტრი შაშკინს ჰქონდეს, თუმცა, აცხადებს, რომ ამის დამამტკიცებელი მასალები მას არ  გააჩნია და ეს კავშირები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

 

ლევან ჩიტაძის თქმით, დავით ჩიტაია უახლოეს მომავალში პირადად ისაუბრებს მედიასთან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი