“ჩვენი ჯარისკაცები ხანდახან იღუპებიან, მაგრამ მათი სიკვდილი საქართველოს მარადიული ეროვნული სიცოცხლის ერთ–ერთი მთავარი წყაროა. ისინი თავისი სიკვდილით ამ მარადიულ სიცოცხლეს ერწყმიან. მინდა მოგესალმოთ თქვენ და თქვენს ახლობლებს. თქვენი მისია, რა თქმა უნდა ძალიან რთულია ჩემო მეგობრებო, მაგრამ ათასმაგად უფრო რთულია თქვენი დედების, თქვენი ცოლების, და –ძმების მისია. იმიტომ, რომ მათ ბევრად უფრო მეტ ნერვიულობა უხდებათ ვიდრე თქვენ. ბევრად მეტი უძილო ღამე, მოლოდინი, წინათგრძნობა, ტელეფონის ზარის დალოდება, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რთულია და მე მინდა დღევანდელი დღე, დამოუკიდებლობის დღე, მათაც მივულოცო. ჩვენი შეიარაღებული ძალები არის ერთ–ერთი მთავარი განმსაზღვრელი ჩვენი საზოგადოების. ჩვენი საზოგადოება ქმნის შეიარაღბულ ძალებს, მაგრამ შემდეგ უკვე თქვენ, შეიარაღებული ძალები ქმნით, აყალიბებთ ჩვენ საზოგადოებას, დაწყებული ყველაზე პატარებიდან დამთავრებული გამოცდილი და ჭარმაგი საზოგადოებით.
არმია არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, არცერთ პოლიტიკოს, არცერთ ცალკე აღებულ, თუნდაც არმიის წარმომადგენელ ხელმძღვანელს. ის ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ წელს პოლიტიკოსებმა და მთავრობამ გადაწყვიტეს, რომ თბილისში არ გაიმართოს სამხედრო აღლუმი. მაგრამ ეს ერთი წუთით არ აკნინებს თქვენს მნიშვნელობას. ერთი წუთით არ აკნინებს იმ როლს, რომელსაც თამაშობს შეიარაღებული ძალები. ჩვენ გავიზარდეთ წარსულის გმირების ისტორიებით, ჩვენ ვიცით 300 არაგველის, 9 ძმა ხერეულიძის, დიდგორში ჩვენი მებრძოლების ისტორია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისტორია, იყო მხოლოდ მაშინ, რომ გმირები არიან მხოლოდ წარსულში.
ვისზე ნაკლები გმირია ჩვენი ჯარი, რომელმაც 2008 წელს, 5 დღის განმავლობაში შეაკავა 100–ჯერ უფრო მძლავრი მტერი. ეს 5 დღეს იყო, რომელმაც მოგვცა საშუალება გამოგვეღვიძებინა მთელი მსოფლიო აგვისტოს ძალიან მოშვებულ და არდადეგების კვირეებში. დაგვეყენებინა ყველა ფეხზე და ყველას ერთად, ქართველი ერის ერთიანობით, ჯარის ერთიანობით და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაგვერჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
თითოეული ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპა 2008 წელს, ისეთივე გმირია როგორვ 300 არაგველი. ვისზე ნაკლები გმირია ჩვენი სადაზვერვო ასეული, მეორე ბრიგადის, რომელმაც გენერალ ხრულოვის მოწინავე სატანკო რაზმი გააჩერა, მოგვაგებინა მრავალი საათი და თავად ამ უზარმაზარი, ყველაზე ბრძოლისუნარიანი რუსული არმიის მოქმედი მეთაური გენერალი დაჭრა და გააძევა საქართველოდან. და ბოლოს გიორგი ანწუხელიძე საქართველოს ეროვნული გმირი. მის გმირობას იშვიათად აქვს პარალელი ჩვენ ათასწლოვან ისტორიაში. უზარმაზარი დიდების შარავანდედით შემოსა თავის სახელი და თავის სამშობლო, თავის გამზრდელი ერი. გიორგი ანწუხელიძეს მტერი ზურგზე ახტებოდა, ცემდა, აიძულებდა, რომ მიწისთვის ეკოცნა. მან ქედი არ მოიხარა, სიკვდილი ამჯობინა დამცირებას და ეს ყველაფერი არ არის მოგონილი. ეს ყველაფერი არის ვიდეოზე გადარებული. მე მის წინაშე განსაკუთრებულ ვალში ვარ, იმიტომ, რომ მას ასევე აიძულებდნენ ჩემი სახელის შეურაცხყოფას და მან ამაზეც უარი თქვა. ის აღარ არის ცოცხალი და მე ცოცხალი ვარ. და სანამ ცოცხალი ვარ, სანამ პირში სული მიდგას, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს მისი სისხლი არ შერჩეთ. არცერთი გოჯი ქართული მიწა არ შერჩეთ.
შეიარაღებული ძალები არის საქართველოს დამოუკიდებლობის უმაღლესი გამოვლინება. დღეს საქართველოს დამოუკიებლობის დღეა. დამოუკიდებლობა კი ჩვენი ერის არსებობის უმაღლესი გამოვლინებაა. დამოუკიდებლობა არის ის, ჩვენი დიდი ილიას სიტყვებით, რომ ვთქვათ “ჩვენი ბედი ჩვენადვე გვეყუდვნის” საქართველოს აღმშენებლობის ეპოქა ბოლოს ჰქონდა დავით აღმაშენებლის მეფობის დროს და გაგრძელდა თამარ მეფის ეპოქაში და ლაშა–გიორგის ეპოქის დსაწყისამდე, სანამ მონღოლებიბ არ შემოვიდნენ. შემდეგ მრავალი საუკუნის განმავლობაში, თუკი, რამე შენდებოდა საქართველოში ამას აშენებდნენ ჩვენი დამპყრობლები, შემოსული იმპერიები. პირველად, ბოლო 8 წლის განმავლობაში ქართველმა ერმა აჩვენა რომ არამხოლოდ შეუძლია მსოფლიოსთვის გამაოგნებელი აღმშენებლობა მოკლე პერიოდში, იმპერიის დახმარების გარეშე, არამედ შეუძლია იმ პირობებში, როდესაც იმპერია თუნდაც მომაკვდავი, აქტიურად გვიშლიდა ხელს”. –განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა, მაიორი ირაკლი კალანდაძე და ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა წამალაშვილი – ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენებით, ასევე მაიორი ზურაბ ზაქარაია, სერჟანტი გიორგი ბიქოშვილი, უფროსი სერჟანტი გიორგი ცალანი, რიგით ხვიჩა მუშარბაძე ვახტან გორგასლის III ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ ბაზაზე კომბინირებული ტერორისტული თავდასხმის დროს გარდაცვლილი სამხედროები უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, კაპრალი ვლადიმერ შანავა სიკვდილის შემდეგ ვახტან გორგასლი I ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა.