მომავალ სამხედროებს ქართულ არმიაში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა, რომელიც აღნიშნულ ცერემონიალს ესწრებოდა:
“დადეს ფიცი, და დაიწყეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საკუთარი ცხოვრების. მათი ამოცანა იქნება საქართველოს დაცვა და მე დარწმუნებული ვარ ღირსეულად გაართმევენ ამ ამოცანას თავს, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი წარსული გვაქვს, გვყავს ისეთი გმირები, რომლებიც სამწუხაროდ, სულ რამდენიმე დღის წინაც დავასაფლავეთ, ვინც მაღალ სტანდარტს უწესებს ყველა ვაჟკაცს, ყველა ადამიანს ვინც საქარველოს დაცვაში მიიღებს მონაწილეობას”.– განაცხადა ალასანიამ.
ფიცის მიღების ცერემონიალის შემდეგ ირაკლი ალასანია ეროვნულ მუზეუმს ეწვია, სადაც ქართული იარაღ-საჭურვლის გამოფენა დაათვალიერა:
“საქართველო ყოველთვის იყო განსაკუთრებული გმირობის მაგალითებით, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გმირობის მაგალითებს კონკრეტული ადამიანები ჩადიოდნენ და სწორედ აი ამ აღჭურვილობის მატარებელი ხალხს უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებლობა გვაქვს, რომ დღეს სახელმწიფო გვაქვს. მე მინდა დღევანდელმა სამხედროებმა გაიაზრონ, რომ ყველაფერი იცვლება, აღჭურვილობა იცვლება, დღეს ახალი, თანამედროვე აღჭურვილობა აქვთ ჩვენ სამხედროებს, მაგრამ რაც არ შეიცვლება და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ეს არის მხედრული სული, დიდი თავდადება, რომელიც ქართველებს ყოველთვის გვახასიათებდა და ამით უნდა ვიამაყოთ”–განაცხადა ალასანიამ, ეროვნულ მუზეუმში სტუმრობისას.
ირაკლი ალასანიამ ვარდების მოედანზე გამოფენილი ქართული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერა. ქალაქებში გამოფენილი იყო ჯავშანტრანსპორტიორები და საბრძოლო მანქანები, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო და საავიაციო საშუალებები, საქართველოში წარმოებული შეიარაღება: „დიდგორი 1“, „დიდგორი 2“, „დიდგორი 3“, „ჩინგორი“, „ჰამერი“, „ვულფი“, „კობრა“, „ბტრ 80“, „ეჯდერი“, „ემრაპი“, „ლაზიკა“, „ქსმ-1/2“, ტანკი „ტ-72“, „ბმ 21“, „გრად-ლარი“, „დ-30“, „დანა“, „გიოცინტი“, „მსტა-ბ“, „რმ-70“, გრადი, ქართული წარმოების, 60, 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები, ავტომატი G5, სნაიპერის შაშხანა, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, ტყვიამფრქვევი, გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება და უპილოტო საფრენი აპარატი.
“სამხედრო-საზეიმო ღონისძიებების მიზანია ქართული სამხედრო-ტექნიკური მიღწევების დემონსტრირება და შეიარაღების გაცნობა, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და სამხედროებს შორის ურთიერთობის გაღრმავება”– ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.