ახალი ამბები

ღარიბაშვილის სიმამრის საქმესთან დაკავშირებით შსს–ს ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

26 მაისი, 2013 • • 2220
ღარიბაშვილის სიმამრის საქმესთან დაკავშირებით შსს–ს  ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ღამის 11:30 წუთზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. პროკურატურის ინფორმაციით,  მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამასახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი  თანამშრომლები, გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია,  გრიგოლ კვინიკაძე,  ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი კრავჩენკო. 

 

“გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არ არსებობის მიუხედავად ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი. დაკავებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”– აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ინფორმაციით გამოძიება კვლავ გრძელდება. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 მაისს  საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობასთან შსს ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს.  მათი განცხადებით,  პროკურატურაში მათ ჩვენების შეცვლა და დანაშაულის საკუთარ თავზე აღება მოთხოვეს. მათი თქმით, პროკურატურაში, სურთ დაადასტურონ რომ თამაზაშვილს მანქანაში დაკავების დროს იარაღი პოლიციამ ჩუდო. მათივე მტკიცებით, ამ ჩვენების დასადასტურებლად მათ 24 საათიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრნენ.

 

“აქ არის საუბარი ბატონი ღარიბაშვილის სიმამრის დაკავების ფაქტზე. თუ ეს პოლიციელები ვერ იპოვიდნენ ადამიანს, რომელიც დაიბრალებდა არარსებულ დანაშაულს, მაშინ ისინი დააკავებენ ყველას. ეს 24 საათიანი ვადა არ ჯდება არანაირ სამართლებრივ გარემოში, არის სრული ნონსენს. რაც შეეხება მინისტრის იმ განცხადებას, თითქოს ის არ ერევა თავისი სიმამრის საქმის გამოძიებაში, ეს არის აბსოლუტური ტყუილი,”-განაცხადა თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა ჭაიამ, რომელიც ახლა დაკავებულია. 

 

“გააკეთა პროკურატურამ განცხადება, რომ ეს ხალხი დაბარებული იყო თითქოს მოწმის სახით და დავიკითხეთ,  ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ შესულები და გამოსულები ვართ ძალიან მცირე დროში, ფიზიკურად ვერ მოასწრებ ადამიანის დაკითხვას.    დაგვიყენეს კონკრეტული ულტიმატუმი, 24 საათს გაძლევთ, რომ გადაწყვიტოთ, აიღოს ვიღაცამ თავის თავზე, იმიტომ რომ საქმე უნდა გაიხსნას, ჩვენი პრესტიჟის ამბავია, ვინმემ უნდა დაიბრალოს.  აღნიშნულ ფაქტზე დაბარებული იყო თითოეული თანამშრომელი, ვინც თამაზ თამაზაშვილის დაკავებაში მონაწილეობას ღებულობდა,”-ამბობს  ყოფილი პოლიციელი გრიგოლ კვინიკაძე.

 

თამაზ თამაზაშვილი 2011  წლის 11 ოქტომბერს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა  ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა– შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

თამაზაშვილს პატიმრობა სულ 3.5 წლით ჰქონდა მისჯილი,  სასჯელის ვადის მხოლოდ ერთი წელი იყო გასული, თუმცა ბრალის აღიარების გარეშე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და თამაზაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წლის 10 ოქტომბერს დატოვა.

 

“ყოველთვის ველოდი გათავისუფლებას იმიტომ, რომ მართალი კაცი ვიყავი, ავტომატი ჩამიდეს და თქვენც კარგად იცით, როგორ გააპიარეს, თითქოს გამტაცებელი ვიყავი, ნარკოტიკებთან მქონდა კავშირი – ეს ყველაფერი იყო ტყუილი”, – განაცხადა თამაზ თამაზაშვილმა გლდანის ციხესთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი