ახალი ამბები

საპატრიარქო: პარლამენტისთვის შემუშავდეს წინადადებები, მოზარდების მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად

25 მაისი, 2013 •
საპატრიარქო: პარლამენტისთვის შემუშავდეს წინადადებები, მოზარდების მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, რომლის თანახმადაც, შეხვედრა, გუშინ 24 მაისს შედგა.

 

“ყველამ გამოთქვა წუხილი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება ძალადობრივი მოწოდებებისა და ქმედებების გამო.  ამასთანავე, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ერთხმად დააფიქსირეს თავისი პოზიცია და აღნიშნეს, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა უმძიმესი ცოდვა არის და, ამდენად, მისი პროპაგანდა, ტირაჟირება და პოპულარიზაცია ყოვლად მიუღებელია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და დამსწრე რელიგიური დენომინაციების ლიდერები შეთანხმდენ, დაიწყონ აქტიური მუშაობა, რათა თავის მხრივ ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არსებული ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას”– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ღონისძიებები, რომელთა გატარებასაც საპატრიარქო ინტერრელიგიურ სამუშაო ჯგუფში შემავაშლი რელიგიური გაერთიანებების წამომადგენლებთან ერთობლივად აპირებს შემდეგია:

1.მოხდეს ზნეობრივ თემებზე ერთობლივი წიგნის (ან წიგნების) პუბლიკაცია;

 

2. ყველამ შეუწყოს ხელი ოჯახის, როგორც სახელმწიფოს უმრთავრესი საყრდენის, სიწმიდისათვის ზრუნვის გაძლიერებას;

 

3. ეთხოვოს სახელმწიფოს ოჯახის დღის დაწესება-აღნიშვნა;

 

4. მოხდეს ზოგადად საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება;

 

5. საკანონმდებლო ორგანოსათვის განსახილველად შემუშავდეს გარკვეული წინადადებები, რომელიც მოზარდების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, იუდეური თემი, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, იეზიდთა თემი, სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისთა ეკლესია, ასევე – ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი პაატა გაჩეჩილაძე, კონფესიათაშორისი დიალოგისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი თეა გოგოტიშვილი.

 

შეგახსენებთ, 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია–ფლეშმობი ვერ შედგა. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მებრძოლებს სასულიერო პირები და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და აქციის მონაწილეებს დაედევნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი