ახალი ამბები

ბესელია: პრეზიდენტი არ აურჩევია ხალხს, როგორც კანონმდებელი

20 სექტემბერი, 2017 • 1954
ბესელია: პრეზიდენტი არ აურჩევია ხალხს, როგორც კანონმდებელი

ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შედგენილ დოკუმენტი გააკრიტიკა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებების აღნიშნული ვერსიის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის კომპეტენციაში საკანონმდებლო საქმიანობა არ შედის. მისი განცხადებით, მარგველაშვილის ინიციატივა „კონფრონტაციული ველის შექმნას ემსახურება“.

„წარმოუდგენელია ის, რაც ახლა ხდება. სამ დღეში შექმნილი ახალი ვერსია თუ ახალი მოდელი კონსტიტუციის, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად. მინდა დავსვა კითხვა: რატომ არის იგნორირებული პროცესი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიურ, თითქმის 24-საათიან რეჟიმში; პროცესი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფილტრით – საერთო-სახალხო, უპრეცედენტო მასშტაბების განხილვით დასრულდა და რომელთაგან რამდენიმეში პრეზიდენტიც მონაწილეობდა. რა ლეგიტიმაცია შეიძლება ჰქონდეს ამ ახალ ვერსიას? პრეზიდენტი არ აურჩევია ხალხს, როგორც კანონმდებელი. საკანონმდებლო ორგანოს აქვს ხალხის მანდატი, რომ მან უნდა შექმნას კანონი და კონსტიტუციური რეფორმაც გაატაროს. როდესაც პრეზიდენტს არბიტრის ნაცვლად ვხედავთ კანონმდებლის როლში, ეს, ბუნებრივია, ქმნის კონფრონტაციის ახალ ველს“, – აღნიშნა ბესელიამ.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ახალი, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შედგენილი ვერსია საპარლამენტო უმრავლესობასა და ვენეციის კომისიას გუშინ გაუგზავნა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ინტენსიურად იყვნენ ჩართულნი კონსტიტუციის დოკუმენტის შემუშავებაში. მისი თქმით, ყველა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა:

“იმისთვის, რომ მივიდეთ თანხვედრამდე, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ მუშაობა “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე და ვთქვით, რომ ამ პროექტში შევიტანთ მხოლოდ იმ ცვლილებებს, რასაც აბსოლუტურად ყველა პარტია უჭერს მხარს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი ვარიანტის შედგენა 11 სექტემბერს შესთავაზა. მაშინ მარგველაშვილი ამბობდა, რომ ბოლოდროინდელმა პროცესებმა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში საქართველოს იმიჯი შელახა, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს კონსენსუსამდე მისვლა „უზოგადესი, უმნიშვნელოვანესი“ საკითხების შემთხვევაშიც კი არ შეუძლია. მისი თქმით, ინიციატივა ვითარების გამოსწორების გზას წარმოადგენდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი