ახალი ამბები

იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვებისთვის მხარდამჭერი აქცია მოეწყობა

24 მაისი, 2013 •
იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვებისთვის მხარდამჭერი აქცია  მოეწყობა

25 მაისს, 12:00  საათზე  კუს ტბის მიმდებარე  ტერიტორიაზე   იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვებისთვის სპეციალური მხარდამჭერი აქცია  მოეწყობა. მაისი საზოგადოებაში ართრიტის ცნობადობის ამაღლების თვედ არის გამოცხადებული  და აღნიშნული აქტივობა,  სწორედ, ამ მოვლენას ეძღვნება.

 

აქციის  ინიციატორია „იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირი“, რომელიც უკვე ორი წელია დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაცია და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდი, აქციას ასევე დაესწრებიან დარგის სპეციალისტები, ჟურნალისტები, ცნობადი სახეები და მოწვეული სხვა სტუმრები, რომლებიც თანადგომას უცხადებენ პატარებს.

 

ღონისძიება  რამდენიმე ნაწილისგან შედგება:  პირველ ეტაპზე იუვენული ართრიტით დაავადებულ ბავშვებთან ერთად მოწვეული სტუმრები კუს ტბას სიმბოლურად ფეხით შემოუვლიან, შემდეგ სტადიონზე პატარები რამდენიმე ნაწილად გაიყოფიან და სტუმრებთან  და თანატოლებთან ერთად ითამაშებენ კლასობანას, რეზინობანას, წრეში ბურთს და სხვა ყველასათვის საყვარელ თამაშებს, სხვადასხვა ფერის ცარცებით მოხატავენ ასფალტს.

 

დასასრულს ისინი გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს და მოწვეულ სტუმრებთან ერთად  სურვილებით სავსე საჰაერო ბუშტებს ცაში ააფრენენ!

 

ღონისძიების მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება, რაც დაავადებულ პატარებს დაეხმარება მეტის გაკეთება შეძლონ დამოუკიდებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში.  

 

იუვენილური ართრიტი 6 თვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში  ვითარდება,  კონკრეტული გამომწვევი მიზეზი უცნობია.

 

ბავშვების  დიდ ნაწილს უვითარდება ქრონკული პერსისტული ართრიტი, აღენიშნება მნიშვნელოვანი შრომისუუნარობა და შესაძლებლობების შეზღუდულობა.

 

„იუვენილური   ართრიტით  დაავადებული ბავშვების  მშობელთა კავშირი“ დაარსდა 2011 წლის 3 ოქტომბერს. კავშირის ძირითადი მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებასთან მიმართებაში, სტანდარტული თერაპიისადმი რეზისტენტული პაციენტების (განსაკუთრებით მძიმე ფორმების) ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებაში დაავადებულ ბავშვთა სრულფასოვანი ინტეგრირების ხელშეწყობა, პერმანენტული ურთიერთობა პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაცისთან, ფარმაცევტული კომპანეიბის წარმომადგენლებთან დას ხვა ტიპის სამედიცინო ორგანიზაციებთან დაავდების გარშემო არსებული სიახლეების, მეთოდების, ახალი მედიკამენტების გაზიარების თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი