ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, ნორმალურია პრეზიდენტის დაკითხვა მისი პრემიერის დაპატიმრების შემდეგ

24 მაისი, 2013 •
ივანიშვილის თქმით, ნორმალურია პრეზიდენტის დაკითხვა მისი პრემიერის დაპატიმრების შემდეგ

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ძალიან დიდი ალბათობით დაესმება კითხვები პრეზიდენტს, რადგან მისი პრემიერ-მინისტრი დაპატიმრდა:

 

“ეს ნორმალურია, არაფერი საოცრება ამაში არ არის.”

 

პრემიერი ამბობს, რომ თუ პროკურატურას ეჭვები და კითხვები გაუჩნდება, შეკითხვები აბსოლუტურდ ყველას მისამართით უნდა დაისვას. მისი თქმით, ამას ევროპა და დემოკრატიული სამყარო ნორმალურად მიიღებს. ივანიშვილი საილუტრაციო გერმანიაში პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას ასახელებს:

 

“გერმანიის პრეზიდენტის შესახებ უკვე წელიწადზე მეტია მიდის გამოძიება ამ ქვეყანაში და იგი რამდენჯერმე დაიკითხა, არათუ დაიკითხა, მე მგონი, თანამდებობიდანაც გადადგა, სულ 718 ევროზეა საუბარი, თანაც ეს ფული მას ქრთამად კი არ აუღია, რომელიღაც სასტუმროში მის ნაცვალდ ვიღაცამ გადაიხადა. ეჭვი გაუჩნდა საზოგადოებას და ის თანამდებობიდან გადადგა. ამას უნდა მივეჩვიოთ ჩვენ და კითხვა, რომ შეიძლება პრეზიდენტი დაკითხონ თუ არა, აღარ უნდა გაჩნდეს, რა თქმა უნდა, უნდა დაიკითხოს პრეზიდენტიც, თუ კითხვები გაჩნდება. კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები გერმანიის პრეზიდენტის საკითხს გამოიკვლევთ და წინა პლანზე წამოწევთ, ძალიან დაეხმარებით ამით საზოგადოებას,” – განაცხადა ივანიშვილმა.

 

გერმანიის პრეზიდენტის თანამდებობიდან კრისტიან ვულფი 2012 წლის თებერვალში გადადგა მას შემდეგ, რაც მის მიმართ საზოგადოების ნდობა შეირყა, რადგან ცნობილი გახდა რამდენიმე კორუფციული ფაქტი, რომელშიც შესაძლოა ვულფი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ვერსიით, ვულფი იმ პერიოდში, როდესაც ის იყო ქვემო საქსონიის პრემიერი, ლობირებდა გერმანელი კინოპროდიუსერის ინტერესებს, რის სანაცვლოდაც მისგან სხვადასხვა სახის მომსახურებას იღებდა, კერძოდ, კინოპროდიუსერი ფარავდა ვულფის სხვადასხვა სახის ხარჯებს. კიდევ ერთი ვერსიით, ვულფმა 500 ათასი ევროს მოცულობის კრედიტი აიღო, რაც ოპონენტების მტკიცებით, ამ მოცულობის კრედიტის მიღებისთბის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.

 

2013 წლის აპრილში გერმანიის პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს კორუფციის ბრალდება წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი