ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, ელჩებს მერაბიშვილზე მეტად, 17 მაისის მოვლენები აინტერესებდათ

24 მაისი, 2013 • • 1021
ივანიშვილის თქმით, ელჩებს მერაბიშვილზე მეტად, 17 მაისის მოვლენები აინტერესებდათ

როგორც ივანიშვილმა ელჩებთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადი კითხვები მას 17 მაისის თემებზე დაუსვეს და არა ექსპრემიერ მერაბიშვილის დაკავების საკითხზე: 

 

“შედარებაც კი არ შეიძლება, ძალიან დაბალი ინტერესი იყო მერაბიშილის საკითხზე. მე დავარწმუნე ელჩები, რომ მომავალში, 17 მაისის განმეორების ალბათობა დაბალია. შემდეგ წელს საერთოდ აღარ იქნება ასეთი რამ. რამეთუ ქართული საზოგადოება არის ძალიან ასაკიანი კულტურის მქონე. გვაქვს ძალიან ხანგრძლივი უწყვეტი კულტურა. ჩვენ არ ვესწავლება ტოლერანტობა, შემგუებლობა და პატიება ნებისმიერ უმცირესობებთან დაკავშირებით. თუმცა სექსუალური უმცირესობების საკითხები, სხვა უმცირესობების საკითხებთან შედარებით საქართველოსთვის ახალია და საზოგადოების დიდი ნაწილი ამას არ ღებულობს. აზრის გამოთქმა ნორმალურია, მაგრამ არ შეიძლება აზრი გამოითქვას ისე, როგორც ეს მოხდა 17 მაისს,” – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ არ შეიძლება უმარავლესობამ იძალადოს უმცირესობის აზრზე.


მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია აღკვეთოს ასეთი რამ.


ბიძინა ივანიშვილის თქმით, ელჩებს აინტერესებდათ რა სახის პრევენციული ზომების მიღებას აპირებს საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ მსგავსი ძალადობა მომავალშიც არ განმეორდეს:

 

“ჩვენ დასკვნებს გავაკეთებთ და ხელისუფლებას მომავლისთვის უფრო კარგი მომზადება ექნება. პრევენცია გახლავთ ის, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველას მოსთხოვენ ადეკვატურ პასუხს, ვინც გადააჭარბა კანონს. საპატრიარქომ რეალური პოზიცია დაიჭირა და კარგი განცხადებები გააკეთა მისმა უწმინდესობა პატრიარქმა. ეკლესიაც აცნობიერებს, რომ ეკლესიის მსახურმა გადააჭარბა კანონს და მან პასუხი უნდა აგოს. როგორც ვიცი, ეკლესიაც აპირებს, რომ დასაჯოს ის სასულერო პირები, ვინც აგრესიისა და ძალადობისაკენ მოუწოდებდნენ. ეს არ არის ქრისტიანული,”– აღნიშნა პრემიერმა.     


საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი განმარტება გააკეთა იმ ეჭვთან დაკავშირებით, რომელიც 17 მაისის მოვლენებზე შსს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გააჩნია. 


ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილს აქვს ეჭვი, რომ 17 მაისს ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები გარედან იმართებოდა. პრემიერის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს: 

“ეს ეჭვის დონეზეა მხოლოდ. არაფერი მტკიცებულებები მე არ გამაჩნია. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი უწყვეტი კულტურა. ტოლერანტობა, შემგუებლობა და პატიება ჩვენს გენებშია. ეს არ არის ჩვენთვის უცხო ხილი. შედარებით სიახლეა სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული თემები, მაგრამ ჩვენ არ ვართ აგრესიული ერი და განხვავებულ აზრზე აგრესიულად მოქმედი ხალხი. ამის შესატყვისი კულტურა არ გაგვაჩნია. ის რაც 17–ში მოხდა, ჩემთვის ცოტა უცნაურია. რადგან ეს არ მოდის თანხვედრაში ჩვენს კულტურასთან. ამიტომაც მეც მაქვს ეჭვი. ამ ეჭვის საფუძველს კი მხოლოდ ჩვენი ისტორია წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად ამაზე შსს–ს წარმომადგენლები მუშაობენ და თუ ეს ინფორმაცია დაზუსტდება და გამოძიებით დადგინდება ამის შესახებ თქვენც გაიგებთ,”– განაცხადა მან.


 

ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო მცირესობისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებმაც ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის, დაკავება ოპოზიციის პოლიტიკურ დევნად და განადგურების მცდელობად შეაფასეს.

 

როგორც ივანიშვილმა, დღეს 24 მაისს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ასეთი ტიპის განცხადებებზე რეაგირებას არ აპირებს. მისი მტკიცებით, მერაბიშვილის დაკავების თემამ საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსში ძალიან დაბალი ინტერესი გამოიწვია და დღევანდელ შეხვედრაზე მას ამ საკითხზე მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს.

 

“ისინი  [ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები] საუბრობენ იმისათვის, რომ რაღაც თქვან. იმას ხომ არ იტყვიან, რომ  მათი ლიდერი, თუ რაც ერქვა მერაბიშვილს, არის კრიმინალი. ამას ხომ არ იტყვიან და რაღაცებს საუბრობენ. მე ამაზე რეაქციას არ ვაკეთებ. დაველოდოთ გამოძიებას. ერთი კითხვა იყო მხოლოდ ამაზე დღეს და საერთოდ ცოტა ინტერესი იყო ამ საკითხზე. კითხვები იყო ზოგადად საქართველოს მომავალზე. ბევრი ვისაუბრეთ ეკონომიკაზე და ქვეყნის განვითარებაზე. მე ვთქვი, რომ ძირითადი პრობლემა რაც საზოგადოებაში არსებობს, არის სიდუხჭირე, რასაც ვებრძვით.”

 

“დავარწმუნე ისინი, რომ ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე ხელისუფლება. მე მაქვს პრეტენზია, რომელიც აქაც გამოვთქვი, რომ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება ევროპული ხელისუფლებებისგან. ჩვენ გავქვს არანაკლები გამჭვირვალობა,”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა


მასალების გადაბეჭდვის წესი