საქმე ეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მან 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. კერძოდ, შეხვედრის შემდეგ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს:
“ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო – ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი? ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად“.
“ზემოაღნიშნულ აუდიოჩანაწერში პრეზიდენტი ცალსახად, მტკიცებით ფორმაში, ამბობს, რომ „ვაზაგაშვილს ჰქონდა 2 ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად“. ამ ფრაზის თქმით იგი ზ. ვაზაგაშვილს აბრალებს დანაშაულის ჩადენას. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ სტუდენტებისადმი მიწოდებული ინფორმაცია არ ასახავს გამოძიების მიერ დადგენილ ფაქტებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს.
საია-ში მიაჩნიათ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან ერთად, პრეზიდენტმა არც ის გაითვალისწინა თუ რა სიმძიმის მორალურ ზიანს მიაყენებდა მისი ზემოაღნიშნული გამონათქვამები გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს. საია, ზ. ვაზაგაშვილის მშობლების მიმართვის საფუძველზე, დღეს, 12:00 საათზე სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ზურა ვაზაგაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე.