როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ნ. მ. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლმა იმ დროს გაათავისუფლა სამსახურიდან, როდესაც ორსულობის გამო დეკრეტულ შვებულებაში აპირებდა გასვლას. გათავისუფლების ბრძანებას კი, საფუძვლად უდევს თავად ნ. მ.-ს განცხადება გათავისუფლების შესახებ.
“მისი განმარტებით, განცხადება მოტყუებით დააწერინეს, იმ მოტივით რომ ახალი გამგებელი ხელახლა დანიშნავდა. ნ. გ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან. გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად უდევს თავად ნ.გ.-ს განცხადება გათავისუფლების შესახებ. მისი განმარტებით, განცხადების დაწერა აიძულა რწმუნებულმა. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლების დროს ქალბატონი იყო ორსულად, რის შესახებაც, მისი ინფორმაციით, ცნობილი იყო გამგებლისთვის,”- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველის განცხადებიდან, ირკვევა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა თელავის მუნიციპალიტეტშიც.
“ე. ბ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურიდან თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლმა გაათავისუფლა. გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად უდევს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი (სამსახურიდან გათავისუფლება შემცირებასთან დაკავშირებით). გათავისუფლების დროს ქალბატონი იყო 5 თვის ორსული. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო ქალბატონის ორსულობის შესახებ, რადგან მას არც ზეპირსიტყვიერად და არც წერილობით არ მიუმართავს აღნიშნული ფაქტის თაობაზე.”
შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა ზემოაღნიშნული საქმეები, რის შედეგადაც გამოიკვეთა ადამიანის უფლებათა დარღვევა და სახელმწიფოში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საგრძნობლად დაბალი სტანდარტის პრობლემატიკა.
“ორსულ ქალბატონთა გათავისუფლების საქმეებში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო მოხელეთა მიერ საერთაშორისო კონვენციებით და ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი პროცესუალური და მატერიალური ნორმების დარღვევას; „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგებლების მოვალეობების შემსრულებლებს, განახორციელონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და გადახედონ ორსული ქალბატონების ნ. გ.-ს, ე. ბ.- ს და ნ.მ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების საქმეებს. საერთაშორისო სტანდარტების და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების საფუძველზე და კანონის შესაბამისად მოახდინონ ორსული ქალბატონების დარღვეული უფლებების აღდგენა,”- წერია განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა დღეს, 24 მაისს გაავრცელა.