ახალი ამბები

აშშ–ის განცხადება საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე

23 მაისი, 2013 •
აშშ–ის განცხადება საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე

“ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით საქართველოს მთავრობას, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ აღნიშნულ გამოძიებათა და სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის – მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციის  დაცვას, რათა თავიდან იქნას აცილებული რეალობის იმგვარი აღქმა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკურად მგრძნობიარე ისეთ საქმეებში, როგორიცაა ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაპატიმრება. შევნიშნავთ, რომ ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის საქმის წინა–სასამართლო, აგრეთვე, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომები ღიაა. მოვუწოდებთ [მთავრობას], გააგრძელოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. გვჯერა, რომ წინა–სასამართლო პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ზედმიწევნით დასაბუთებულად და  შეესაბამებოდეს საერთაშორისო და ევროპულ სახელმძღვანელო პრინციპებსა და ვალდებულებებს” – აცხადებს  აშშ. 

 

 22 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს – 20 ათასლარიანი გირაო.  მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წარდგენილი, რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი