ახალი ამბები

სამინისტრო: კიბეზე დაგორების შედეგად პატიმარი გარდაიცვალა

23 მაისი, 2013 • 1296
სამინისტრო: კიბეზე დაგორების შედეგად პატიმარი გარდაიცვალა

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2013 წლის წლის 12 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებიდან #14 დაწესებულებაში სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით 64 მსჯავრდებული, მათ შორის ლ.კ. გადაიყვანეს:

 

“საცხოვრებელ კორპუსებში გადანაწილების შემდეგ მითითებულ მსჯავრდებულს, სავარაუდოდ, მე-6 საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე ასვლის დროს ფეხი დაუცურდა და საფეხურებზე მრავალჯერადი დაცემის შედეგად სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში დაზიანებები მიიღო

 

მსჯავრდებულ ლ.კ-ს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი ზ.ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს ეროვნულ ცენტრში.  მიყვანის მომენტში მსჯავრდებულს ესინჯებოდა არტერიული წნევა 120/80-ის ფარგლებში, ნორმალური პულსაციით, რაც დაფიქსირებულია მიღების ჟურნალში.


სამწუხაროდ, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 2013 წლის 23 მაისს, 12:00საათზე მსჯავრდებული ლ.კ გარდაიცვალა.


გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზია ქალა-ტვინის და ქალა-სახის დახურული ტრავmა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ზუსტი დიაგნოზი ცნობილი გახდება ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ.


მსჯავრდებულის სხეულის დაზიანების ფაქტზე 2013 წლის 13 მაისიდან გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო სამმართველო. გამოძიების შედეგები დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გეგუთის ციხეში მსჯავრდებულის კიბიდან დაგორება დაწესებულებაში მომხდარ კონფლიქტსა და ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა.

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი