ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადება მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

23 მაისი, 2013 •
“ნაციონალური მოძრაობის” განცხადება მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

“ძირითადი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ–მინისტრის და ერთ–ერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის დაკავება ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მთავრობის და მისი ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის არაერთგზის, ღიად გამოცხადებულ განზრახვას, ძალისმიერი მეთოდებით გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყანაში.


ოპოზიციის განადგურების ეს კამპანია შენიღბულია ე.წ. სამართლიანობის აღდგენით და სინამდვილეში წარმოადგენს შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკურ ნიმუშს. ეს ნაბიჯი ახალ, მძიმე პოლიტიკურ რეალობას ქმნის ქვეყანაში და დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს, როგორც ცივილიზებული, ევროპული ქვეყნის იმიჯს.


სამწუხაროა, რომ მთავრობა უგულვებელყოფს ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, მნიშვნელოვნად იკლო ეკონომიკური ზრდის ტემპმა, გაიზარდა უმუშევრობა, ჩვენს ქუჩებში კვლავ დაბრუნდა კრიმინალი, სამთავრობო წრეებში მძლავრობს კორუფცია, ამასთან სერიოზული საფრთხე შეექმნა ქვეყნის დასავლურ არჩევანს.


ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობის გზით იზრუნოს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის წინაშე არსებული პრობლემების რეალურ გადაწყვეტაზე, მთავრობა ოპოზიციის ღია დევნით არის დაკავებული, რისი მიზანია, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპონენტების შევიწროება, კამპანიისთვის ხელის შეშლა, ოპოზიციის დეზორგანიზაცია და დემორალიზაციის სურვილი. გარდა ამისა დაკავება სიმბოლურ სახესაც ატარებს, აკავებენ პოლიციის რეფორმის ავტორს და კრიმინალთან მთავარ მებრძოლს.


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ჩვენი ერთ–ერთი გამორჩეული ლიდერის დაკავება ადამიანური თვალსაზრისით მძიმე დარტყმაა, ჩვენ ვაცხადებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არათუ შეწყვეტს ან შეასუსტებს ბრძოლას, არამედ კიდევ უფრო დიდი შემართებით შეებრძოლება მთავრობის უგუნურ, საქართველოსთვის დამღუპველ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე.


ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ბრძოლა კრიმინალისა და კორუფციის წინააღმდეგ, ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის არ არის მხოლოდ ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის ინტერესი. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის მზად იყო და მზად იქნება იყოს ამ ეროვნული ღირებულებებისათვის ბრძოლის წინა ხაზზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარტიის სახელით უმცირესობის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ წაიკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი