ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილის, როგორც ყოფილი ელჩის, მიმართ არაუფლებამოსილმა პირმა დაიწყო გამოძიება და, შესაბამისად, მოპოვებულ მტკიცებულებებს არ აქვს იურიდიული ძალა. იგივე არგუმენტაციას ემყარება მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი. ადვოკატები პროკურატურის შესახებ კანონის მე-8 მუხლზე მიუთითებენ, რომელიც ეხება იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთა წინააღმდეგაც იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და არა პროკურორი. თუმცა აღნიშნულ მუხლში საუბარია მოქმედ თანამდებობის პირებზე, კერძოდ:
“იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტისა და წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას”.
ადვოკატების განცხადებით, ასევე, არ არსებობდა სასამართლოს განჩინება ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის დაკავებაზე, განჩინების გარეშე დაკავება კი, მათი თქმით, დაშვებულია მაშინ, როცა არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა:
“პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა”.
ადვოკატების განცხადებით, მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი არასდროს დამალულან გამოძიების წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან.
ადვოკატების თქმით, უკიდურეს შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია თავდებით გაათავისუფლონ დაკავებულები. მოსამართლეს გადაეცა საპარლამენტო უმცირესობის წევრების სია, რომლებიც თავდებად უდგებიან ვანო მერაბიშვილს, ასევე, ყოფილი და მოქმედი დიპლომატების სია, რომლებიც ზურაბ ჭიაბერაშვილს უდგებიან თავდებად.