ახალი ამბები

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს

22 მაისი, 2013 • • 1085
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს

უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილის ნანა ვასაძის განცხადებით, ქუთაისის სასამრთლოში შევიდა საზოგადოებრივი მაუწყებელის მოთხოვნა პროცესის გადაღებასთან დაკავშირებით: “საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და თავიდან ბოლომდე იღებს სასამართლო პროცესს.“

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ნანა ვასაძე განმარტავს, რომ საზოგადოებივი მაუწყებელი ესწრება პროცესს და მისი ვალდებულებაა გადაიღოს:” საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლო პროცესის პირდაპირ ტრანსლაციას არ ახორციელებს, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნის შედეგად კანონიდან პირდაპირი ტრანსლაციის უფლება ამოღებულია. საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოიტანს კადრებს და დაურიგებს სხვა მაუწყებლებს.”

  

ტელეკომპანია რუსთავი 2–მა გაავრცელა განცხადება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესის ტრანსლირების უფლება არ მისცა.  

 

“გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-მა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის აღმკვეთი ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციის თაობაზე”– ნათქვამია რუსთავი2–ის განცახდებაში. 

 

რუსთავი2  თავის განცხადებაში განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ბოლო დროს შესული ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ტრანსლაცია (მე-13 პრიმა მუხლის მეორე ნაწილი), ხოლო მის მიერ ამ უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ეს უფლება ენიჭება საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს, სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისთვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე.

 

რუსთავი 2–ის ინფორმაციით, მოცემულ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელმა უარი თქვა სხდომის ტრანსლაციაზე და “რუსთავი 2”-მა, როგორც საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირმა, გამოიყენა ეს შესაძლებლობა და საზოგადებრივი მაუწყებლის თანხმობითა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გეგმავდა პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას, რის თაობაზეც კანონით დადგენილი წესით წერილობით ვაცნობეთ სასამართლოს. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ “რუსთავი 2” ერთადერთი მაუწყებელია, რომელმაც ამ თხოვნით მიმართა სასამართლოს.

 

“სამწუხაროდ, სასამართლოსგან მივიღეთ დაუსაბუთებელი და უკანონო უარი, რითიც შეიზღუდა როგორც ორგანული კანონით და კონსტიტუციით გარანტირებული ჩვენი უფლება, შეუფერხებლად მივიღოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია, ასევე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას” – ნათქვამია რუსთავი2–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი