ახალი ამბები

პროკურატურა: მკაცრი სასჯელის შიშით მერაბიშვილმა შესაძლოა ქვეყანა დატოვოს

22 მაისი, 2013 •
პროკურატურა: მკაცრი სასჯელის შიშით მერაბიშვილმა შესაძლოა ქვეყანა დატოვოს

პროკურორის განცხადებით, მერაბიშვილს საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით აქვს ფართო კავშირები და შეუძლია, მკაცრი სასჯელის შიშით დატოვოს ქვეყანა. ბრალდების მხარეს ამის არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ მერაბიშვილი ქვეყნიდან გადიოდა დუბლირებული პასპორტით, ასევე, აქვს დიპლომატიური პასპორტი, ბოლო პერიოდში არაერთხელ იყო გასული ქვეყნიდან:

 

პორკურორის თქმით, მერაბიშვილის ცოლმა, თაკო სალაყაიამ 21 მაისს, მას შემდეგ, რაც მერაბიშვილს უწყება ჩაბარდა პროკურატურიდან დაკითხვის თაობაზე, ქვეყანა დატოვა:

 

“მისი სახლიდან ამოღებული იქნა ფული, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა,” – განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა.

 

ამას გარდა, პროკურორმა მიუთითა, რომ მერაბიშვილს შეუძლია მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა.

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

 

პროკურატურა ზურაბ ჭიაბერაშვილისთვისაც პატიმრობას მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით. პროკურორის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, მკაცრი სასჯელის შიშით შესაძლოა დატოვოს ქვეყანა, რასაც იმით ასაბუთებს, რომ ჭიაბერაშვილს აქვს მნიშვნელოვანი კონტაქტები ქვეყნის შიგნით და გარეთ, აქვს მაღალი ანაზღაურება, შეუძლია მობილიზება გაუკეთოს თანხებს საზღვარგარეთ საცხოვრებლად.

 

ასევე, პროკურორმა სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო მერი, ცესკოს თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრი, სრულუფლებიანი ელჩი სხვადასხვა ქვეყანაში, არის კახეთის გუბერნატორი და შესაბამისად, მას ზეგავლენის მოხდენა შეუძლია წარსულში ან ამჟამად თანამდებობრივად მასზე დამოკიდებულ ადამიანებზე.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჭიაბერაშვილის და ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) ედებათ ბრალი და 12 წლამდე თავისუფლების აღკევთა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი