ახალი ამბები

თბილისში ჰომოფობიის გამო ადამიანების დევნა გრძელდება

22 მაისი, 2013 • 1465
თბილისში  ჰომოფობიის გამო ადამიანების დევნა გრძელდება

ადამიანების ჩაცმულობის მიხედვითაც უსწორდებიან
ადამიანების ჩაცმულობის მიხედვითაც უსწორდებიან

ნატა 17 მაისის შემდეგ ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მსხვერპლი უკვე ორჯერ გახდა. იგი ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე შარშანაც იყო. მიაჩნია, რომ შარშან მედიის მიერ გამოქვეყნებული მასალების საშუალებით ბევრმა ადამიანმა დაიმახსოვრა.

 

“ვცდილობ, რომ ფერად–ფერადი ტანსაცმელი არ ჩავიცვა. ვცდილობ ქუჩაში ყურადღება არ მივიქციო. ისე, ძალიან მეშინია ქუჩაში სიარული, იმიტომ რომ დაძაბულია ფონი. მე მიცნეს სახეზე იმიტომ, რომ წინა წლის 17 მაისის კადრებს აჩვენებდნენ ხოლმე ტელევიზორში და იქიდან დამიმახსოვრეს, ეტყობა. იმიტომ, რომ წლევანდელი 17–ის ერთი სურათიც არ არის ჩემი,”– ამბობს ნატა

 

მისი თქმით, შარშან მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები არ მოუსმენია, თუმცა, წელს უკვე ქუჩაში გამოსვლის ეშინია. იგი ვარაუდობს, რომ შარშან ვერ ცნობდნენ, თუმცა წელს ვითარება შეიცვალა. ორი დღის წინ #14  ავტობუსით მგზავრობის დროს სხვა მგზავრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. უთხრეს, რომ “მთავრობა გაფინანსებს”, სააკაშვილის” და “სოროსის მონები” უწოდეს:

 

“17 მაისის შემდეგ ვცდილობ მოღუშული სახით ვიარო, რომ ვერავინ შემამჩნიოს. ეტყობა, შემამჩნიეს მაინც. ორი ქალი ერთმანეთში ლაპარაკობდა- “ეს პიდარასტები შემოგვესიენ” და მერე ჩემზე გადმოვიდნენ და დაიწყეს სტანდარტული ფრაზებით, რაც ახასიათებთ ხოლმე. მერე ამას აყვა მთელი ავტობუსი და ამ ქალმა მითხრა, რომ: შენ ხარ მართლმადიდებლობის მტერიო, ქართული საზოგადოების მტერი ხარო. შენ შეურაცხყავი ეკლესიაო. მთელი ავტობუსი აყვა ამ ჩხუბს და მერე ჩამოვედი რუსთაველზე იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმ ავტობუსში გაჩერება.”

 

დაახლოებით ათ–თხუთმეტ ადამიანს ნატა ღიმილით პასუხობდა, რადგან, მისი თქმით, სხვა მგზავრები ძალიან აგრესიულები იყვნენ. მისი თქმით, ავტობუსის მძღოლი საერთო ლანძღვაში არ ჩარეულა. ნატას პოლიციისთვის არ მიუმართავს. მან ლგბტ უფლებადამცველ ორგანიზაცია “იდენტობას” მომხდარის შესახებ შეატყობინა.

 

“ქართველების უმრავლესობა იმდენად ჰომოფობია და ისე მივეჩვიე ამ რაღაცებს, რომ მაგაზე გამოძიება და მაგ ხალხის დაჭერა არ ვიცი. კი, რა თქმა უნდა, მინდა, რომ გამოიძიონ და დაელაპარაკონ მაგ ადამიანებს. ხალხმა უნდა ნახოს, რომ ჰომოფობიის, სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის  გამო ხალხი რომ ისჯება”. 

 

დათო 18 მაისის საღამოს რვა საათზე რუსთაველის გამზირზე ავტობუსის გაჩერებაზე იდგა. მისი თქმით, უცნობი ადამიანების ჯგუფმა მას ჰომოფობიის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:

 

“ჩამოვედით მე და ლუიზა “იდენტობის” ოფისიდან. გადმოვედით მეორე მხარეს, გაჩერებაზე. ვლაპარაკობდით. რამდენიმე ტიპი მოდიოდა, არ დამითვლია, რამდენი, ორზე მეტი, და რომ ჩაგვიარეს, შეგვაგინეს ხმამაღლა. გავხედე, მაგრამ მერე ხალხში შეერივნენ და ვერ დავინახე, რამდენი იყვნენ. სახეზე გვიცნეს. ისე მალე მოხდა ეს ამბავი, რომ ხომ არ გავეკიდებოდი, რომ პოლიცია გამომეძახებინა. რომ გაეგრძელებინა გინება, გამოვუძახებდი.”

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” ჰომოფბიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულობებს აღნუსხავს. ორგანიზაციას კიდევ რვა შემთხვევა აქვს აღნუსხული.

 

“17 მაისს ,განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ რამდენიმე განცხადებით შემოიფარგლა. არ მომხდარა სამართლებრივი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დაუსჯელობა კიდევ უფრო ახელებს ძალადობისკენ მომართული ადამიანების თვითნებობას და კანონსაწინააღმდეგო ქცევას. ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება თბილისის ქუჩებში თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დღემდე საფრთხის წინაშე დგას,”– განაცხადა “იდენტობამ” 20 მაისს გამოქვეყნებულ მიმართვაში.

 

კიდევ ერთი ინციდენტი თბილისში, რუსული ეკლესიის მიმდებარედ მოხდა.  სამმა მამაკაცმა 20–22 წლის მამაკაცი სცემა. თვითმხილველების თქმით, მოძალადეები მისმა ჩაცმულობამ და სიარულის მანერამ გააღიზიანა. ამ ფაქტს ომბუდსმენის ოფისი სწავლობს. 

 

სამართალდამცავ ორგანოებს საქართველოს სახალხო დამცველმა 21 მაისს მიმართა. სახალხო დამცველის ოფისი შეშფოთებულია ჰომოფობიის ნიადაგზე გახშირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით და  აუცილებლად მიაჩნია ამ საკითხზე გამოძიების გაგრძელება.

 

“საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს  საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და არ მოხდეს განსხვავებული აზრის გამო ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფა,”– ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

 

“მათი [დაზარალებულების] განმარტებით, ადგილი აქვს განსხვავებული გარეგნობის და შეხედულებების გამო მათ დევნას, ფიზიკურ და ვერბალურ შეურაცხყოფას, ძალადობასა და მუქარას (თმაზე ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევიწროვება, ორგანიზაციის ოფისში შეჭრის მცდელობა, ინდივიდუალური საცხოვრებელი მისამართების გარკვევა სავარაუდო ანგარიშსწორებისათვის ა.შ.). რამდენიმე პირი ასევე აღნიშნავს, რომ ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილებაც მომეტებული საფრთხის შემცველია. ზოგიერთმა მათგანმა შეიცვალა საცხოვრებელი სახლიც, ვინაიდან დაცული არ არის მათი უსაფრთხოება. თითოეული მათგანი აღნიშნულ ქმედებებს მათ 17 მაისის აქციაში მონაწილეობასა და კონკრეტულ ლგბტ ჯგუფთან გაიგივებას უკავშირებს,”– აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

სახალხო დამცველის ოფისმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ხუთი ასეთი საქმე უკვე გადაუგზავნა პროკურატურას, ხოლო ხვალ კიდევ ხუთ ასეთ საქმეს გადაუგზავნის. მათ შორის მარჯანიშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის მიმდებარედ მომხდარი ინცინდენტიც იქნება.

 

არის თუ არა საპატრიარქო საქმის კურსში ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში მოქალაქეთა განსხვავებული ჩაცმულობისა თუ ვარცხნილობის ნიშნით დევნის ფაქტების შესახებ და ხომ არ აპირებს ეკლესია მრევლის მისამართით ამ საკითხზე გარკვეული განცხადების გაკეთებას? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველსაც მიმართა:

“ეს შეიძლება გამოძახილი იყო… უფრო ერთეული შემთხვევები… ახლა განცხადება რომ გავაკეთოთ, შეიძლება ვიღაცამ უფრო უარესიც გააკეთოს. არ ვიცი… ყოველ შემთხვევაში დავინტერესდები ამ საკითხით”, – ამბობს იგი.

 

ნეტგაზეთმა მიმართა პროკურატურას. პროკურატურის პრესცენტრის განცხადებით, საქმეს შიანაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის რაიონული სამმართველო იძიებს. მათი თქმით, მთავარი პროკურორი დღეს დაბრუნდა ყაზახეთიდან და განცხადებას ხვალ გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი