ახალი ამბები

ყოფილი პოლიტპატიმრებისა და “პატრიოტების” მობილიზაცია ქუთაისის სასამართლოსთან [Photo]

22 მაისი, 2013 •
ყოფილი პოლიტპატიმრებისა და “პატრიოტების” მობილიზაცია ქუთაისის სასამართლოსთან [Photo]

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან უკვე შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ყოფილი შს მინისტრის კანონის შესაბამისად დასჯას მოითხოვენ, მათ შორის არიან ყოფილი პოლიტპატიმრები:

“მე და ჩემი მეგობრები წლების მანძილზე ვებრძოდით მიხეილ სააკაშილის რეჟიმს, რომელსაც ჰყავდა ერთ-ერთი მიშვნელოვანი ჯალათი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც შექმნა პოლიტიკური პოლიცია და რომელიც შიშის სინდრომს ნერგავდა ქუჩებში. მათ ჩემი თაობის უამრავი ახალგაზრდა ჩახოცეს. ივანე მერაბიშილი პირადად შეგვეხო, ციხეებში გაგვამწესა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვართ ის ადამიანები, ვისაც უხარია ვიღაცის უბედურება. თუმცა ძალიან გვიხრია ის, რომ სამართლიანობა ზეიმობს, კარგია, როდესაც პოლიცია და პროკურატურა ასრულებს კანონს და კანონის წინაშე ყველა თანაბარია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ყოფილმა პოლიტპატიმარმა მელორ ვაჩნაძემ, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება.

მისი თქმით, ისინი იქ აქციის გასამართად არ არიან და სასამართლოს პროცესს დააკვირდებიან:

“ჩამოვედით, რომ მონიტორინგი გავუწიოთ პროცესს, დავაკვირდეთ მოვლენებს, ვინაიდან წლების მანძილზე სასამართლო არის გარკვეული პოლიტიკური ინტერესების გავლენის ქვეშ და არ ხდებოდა წლების მანძილზე თუნდაც მსუბუქი დანაშაულისთვის გირაოს გამოყენება, ეს მექანიზმი საქართველოში გაუქმებული იყო და დღეს თუ მოხდა გირაოს გამოყენება ასეთი მძიმე დანაშაულით ბრალდებული მერაბიშვილის მიმართ, ეს იქნება ნამდვილად უკანონო და არასწორი”.

ყოფილი პოლიტპატიმრების გარდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებიც:

“ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი არის ისეთივე, როგორიც ამ მოქალაქეების, ვინც აქ შეიკრიბა. გვინდა ვნახოთ ბატონ მერაბიშვილის მიმართ სამართლის აღსრულება, ველოდებით სასამართლოს ადეკვატურ გადაწყვეტილებას იმ დანაშაულებების წინააღმდეგ, რომელიც მერაბიშვილს წლების მანძილზე აქვს ჩადენილი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მანჯავიძემ. 

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების თათბირი, რის შემდეგაც მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სასამართლოს არ აქვს არანაირი საფუძველი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს, რადგან, მისი თქმით, ისინი არ დაემალებიან გამოძიებას.

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ამ დროისთვის ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან, საიდანაც გამოემართებიან ქუთაისის საქალაქო სასამართლოსკენ, სადაც დღეს მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი