ჯანდიერის თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ 17 მაისს განვითარებული მოვლენების დროს მოძალადეების დასასჯელად:
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს მთავარი პროკურატურა არიან აქტიურად ჩართული, რომ ის მოვლენები, რომლებიც 17 მაისს, სამწუხაროდ, ყველასათვის განვითარდა თბილისის ცენტრში. ამ მოვლენების ირგვლივ ტარდება გამოძიება და მოკლევა ისე, როგორც ეს იქნა გაცხადებული მთავარი პროკურორის მოადგილის მიერ. ერთი რამ არის ცხადი და ნათელი, რომ საქართველოს კონსტიტუცია და ყველა ის საერთაშორისო შეთანხმება, რომლის წევრიც არის სახელმწიფო, გმობს ძალადობას. ყველა ის შეთანხმება, რომლის წევრიც არის სახელმწიფო, აძლევს ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერ ინდივიდს, თუ ის არ ძალადობს, გამოხატოს თავისუფლად თავისი აზრი და შეიკრიბოს.
ყველა ადამიანი, რომელიც ძალადობს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სამოქალაქო, საერო, სასულიერო თუ სხვა პირი, კანონის წინაშე ისე უნდა აგოს პასუხი, როგორც ჩვეულებრივმა, რიგითმა პირმა,”– განაცხადა დავით ჯანდიერმა.
17 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღისადმი მიძღვნილი აქცია იყო დაგეგმილი. აქციის საწინააღმდეგოდ სასულიერო პირები და მათი მრევლი შეიკრიბნენ. 13:00 საათზე დაგეგმილი აქცია არ ჩატარდა, რადგან კონტრმომიტინგეებმა პოლიციელების მიერ აღმართული ჯებირები გადალახეს და ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს დაედევნენ.
აქციის მონაწილეების ნაწილმა თავისუფლების მოედანს თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსებით გაარიდეს თავი. ნაწილს კი კონტრმომიტინგეები ვაჩნაძის ქუჩაზე თავს დასხნენ. 30–მდე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.