ახალი ამბები

ბაქრაძე: პროკურატურა არ არის მზად მერაბიშვილისთვის ბრალის წასაყენებლად

21 მაისი, 2013 • 1178
ბაქრაძე: პროკურატურა არ არის მზად მერაბიშვილისთვის ბრალის წასაყენებლად

“რატომ დააანონსა პროკურატურამ დღეს სხვა ბრალდებებიც, არსებობს ორი ახსნა, პირველი – ეს საქმე არ არის ბოლომდე მიყვანილი საქმეები და მათი ხსენებით პროკურატურას უნდოდა შეექმნა ემოციური ფონი. ორივე საქმე არის უმძიმესი და რეზონანსული საქმე, და მათი ხსენებით პროკურატურამ თქვა, კი, გვესმის, რომ მერაბიშვილს ვუყენებთ რაღაც უსუსურ ბრალდებას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს 26 მაისი და  გირგვლიანი და მომავალში ამ ბრალდებებსაც აუცილებლად წავუყენებთ. თუ ეს ბრალი არსებობს, იმავე ბრიფინგზე უნდა წაეყენებინათ. თუ ამისთვის მზად არ იყო პროკურატურა, მაშინ საერთოდ არ უნდა ეთქვათ და უნდა ეთქვათ მაშინ, როდესაც მზად იქნებოდნენ ამისთვის,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში.”


პროკურატურამ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს ვანო მერაბიშვილს, ასევე, ყოფილ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი წაუყენა. ამ დროისთვის ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი დაკავებულია. ვანო მერაბიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლის [ამომრჩევლის მოსყიდვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით], 182 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტი [მითვისება- გაფლანგვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7- დან 11 წლამდე] და 332 მუხლის მეორე ნაწილი [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 -დან 8 წლამდე] მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საუბარია დასაქმების პროგრამაზე, რომელზეც პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა გამოძიებას.


პროკურორის თქმით, გამოძიებას ასევე დასრულებული აქვს გამოძიება და გახსნილია ორი საქმე, რომელიც ასევე უკავშირდება ვანო მერაბიშვილს.  საუბარია სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და 26 მაისის აქციის დაშლის საქმეებზე.  

 

პროკურორის განცახდებით, პირველი ეპიზოდი შეეხება 26 მაისის საქმეს: 

 

“პირველი შეეხება 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს უშუალოდ ივანე მერაბიშვილის დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიერ აშკარა და არათანაზომიერი, არაპროპორციული და გადაჭარბებული  ძალის გამოყენებას, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარიხსის დაზიანება მიიღო მრავალმა ადამიანმა”.



მასალების გადაბეჭდვის წესი