სახალხო დამცველის ვრცელ განცხადებას აღნიშნულ საკითხზე, უცვლელად გთავაზობთ:
“2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს განვითარებული მოვლენების და მათი თანმდევი შედეგების შესწავლის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას. 2013 წლის 20-21 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების „იდენტობა“ და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წევრებს, ასევე, აქციის სხვა მხარდამჭერებს და პირებს, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ აქციის გამართვისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე.
გარემოებების მოკვლევით ირკვევა, რომ უშუალოდ აქციის ჩაშლის პროცესში ადგილი ჰქონდა არაერთ ინციდენტს, რაც თვითმხილველებისა და დაზარალებულების გადმოცემით გამოიხატა მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და, რიგ შემთხვევაში, ფიზიკური ანგარიშსწორების ფორმებში. თუმცა, სახალხო დამცველის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აქციის შემდგომ დღეებში, 18, 19, 20 მაისს, აქციის მონაწილეთა და ორგანიზაციების წევრების მიმართ ინდივიდუალური ძალადობრივი ანგარიშსწორების ფაქტები და თანმდევი სახიფათო ტენდენციები, რომელიც განსხვავებული შეხედულებისა თუ ცხოვრების წესის მქონე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს.
როგორც გამოკითხული პირები აცხადებენ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან, 17 მაისიდან დღემდე ადგილი აქვს მათ მიმართ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. კერძოდ, მათი განმარტებით, ადგილი აქვს განსხვავებული გარეგნობის და შეხედულებების გამო მათ დევნას, ფიზიკურ და ვერბალურ შეურაცხყოფას, ძალადობასა და მუქარას (თმაზე ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევიწროვება, ორგანიზაციის ოფისში შეჭრის მცდელობა, ინდივიდუალური საცხოვრებელი მისამართების გარკვევა სავარაუდო ანგარიშსწორებისათვის ა.შ.). რამდენიმე პირი ასევე აღნიშნავს, რომ ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილებაც მომეტებული საფრთხის შემცველია. ზოგიერთმა მათგანმა შეიცვალა საცხოვრებელი სახლიც, ვინაიდან დაცული არ არის მათი უსაფრთხოება. თითოეული მათგანი აღნიშნულ ქმედებებს მათ 17 მაისის აქციაში მონაწილეობასა და კონკრეტულ ლგბტ ჯგუფთან გაიგივებას უკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ პირებს შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომელთა მიმართაც ასევე ადგილი აქვს სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს.
ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტზე, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები, 2013 წლის 21 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქმის მასალები გადაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურატურას. საქართველოს სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს ყველა საქმეს ინდივიდუალურად და ყოველდღიური კავშირი ექნება დაზარალებულ პირებთან, მათი უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის დაცვის ზედამხედველობის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის 20 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, 2013 წლის 17 მაისთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 4 პირი, აშკარაა, რომ აუცილებელია ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გაგრძელდეს გამოძიება.
საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და არ მოხდეს განსხვავებული აზრის გამო ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფა,”- ნათქვამია განცხადებაში.