ახალი ამბები

სააკაშვილის შეფასებით, მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკავება რუსეთის ინტერესებშია

21 მაისი, 2013 • 918
სააკაშვილის შეფასებით, მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკავება რუსეთის ინტერესებშია

“უკრაინაში მოხდა ყოფილი პრემიერის დაკავება, ბევრად სერიოზული ბრალდებით, ვიდრე მერაბიშვილს წაუყენეს. უკრაინა გაყინულია ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ორი წელია წინსვლა არა აქვს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან, მას ყველა წამყვან ევროპის ქვეყანასთან და აშშ-თან შეექმნა პრობლემა. ამხელა უკრაინა, რომელიც ჭირდება დასავლეთს, ყოფილი პრემიერის პოლიტიკური მოტივებით დაკავების გამო, როგორც ეს ასე ითვლება, აღმოჩნდა სერიოზულ საერთაშორისო იზოლაციაში. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრად ნაკლებად ვჭირდებით დასავლეთს, მაგრამ ბევრად მეტად ვჭირდებით რუსეთს, ვიდრე უკრაინა, და რუსეთის ინტერესებშია, რომ მოექცეს საქართველო ევროპის იზოლაციაში”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

მისივე თქმით, საზოგადოება კარგად იცნობს ვანო მერაბიშვილს, მისი საქმიანობის დადებით და უარყოფით ასპექტებს:

 

“და ვერც ერთი პროკურორი ვერ ჩაანაცვლებს საზოგადოების ვერდიქტს მასთან მიმართებაში,” – აცხადებს სააკაშვილი.

 

მისივე თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაც, ასევე, რუსეთის ინეტერესებს ეხმაურება:


“თუკი მეორე ადამიანი არსებობს, ვისი მოშორებაც შეიძლება უნდოდეს ჩემ შემდეგ პუტინს, ეს არის ზურაბ ჭიაბერაშვილი”.


პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის საბჭოში ჭიაბერაშვილის შრომის შედეგად მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ოკუპაციის ტერმინის დაკანონება:


“ჭიაბერაშვილი ჟენევაში იყო ჩვენი ელჩი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დროს და მან მიაღწია რუსეთთან ისეთი შეთანხმების გაფორმებას, რომელიც მთლიანად საქართველოს ინტერესებში იყო და მიჩნეული იყო, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები დათმო. იმ ხელშეკრულებით, რომელიც ჭიაბერაშვილმა გააფორმა, 1 იანვრიდან შესული უნდა ვიყოთ რუსეთის ბაზარზე.”


პრეზიდენტი საზოგადოებას კითხვით მიმართავს: არის თუ არა უსამართლობა ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრება?

 

“არის ტერმინი სამართლიანობის აღდგენა, სულ გვესმის. რომელ სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ?” – მორიგ კითხვას სვამს მიხეილ სააკშვილი – “ე.ი. ამ ლოგიკით საქართველოში 2003 წლამდე იყო სამართლიანობა, როდესაც კახა თარგამაძე, ლაშა ნაცვლიშვილი ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ქვეყანას და ფეხქვეშ თელავდენენ ადამიანის უფლებებს და “ვარდების რევოლუციამ” ეს დაანგრია. თუ სამართლიანობა იყო 1990-იან წლებში? კომუნისტურ ეპოქაში? 1930-იან წლებში? 1924 წელს? მე-19 საუკუნეში? რომელ ეპოქაში იყო საქართველოში სამართლიანობა, რომლის აღდგენაც ახლა ხდება. სამართლიანობის აღდგენა კი არ ხდება, ხდება რაღაც სხვა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი