ახალი ამბები

ივანიშვილი: ეკლესიის მსახურება ვერავისთვის იქნება ალიბი

21 მაისი, 2013 • 1240
ივანიშვილი: ეკლესიის მსახურება ვერავისთვის იქნება ალიბი

“მე ვფიქრობ, რომ საქართველო და ქართული საზოგადოება არ არის ექსტრემისტულად განწყობილი. საფუძვლიანი ეჭვი აქვს შს მინისტრს, რომ ეს გარედან იმართებოდა. იყვნენ ძალები, ვინc ამას ახალისებდნენ და, თუ გნებავთ, აფინასებდნენ კიდეც. ეს ეჭვი აქვს შს მინისტრს და მე მას ეჭვის დონეზე ვიზიარებ, რომ ის, რაც მოხდა 17-ში, ეს არ მომხდარა ბუნებრივად,”- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს ეჭვი იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც 17 მაისს ძალადობდნენ. 

 

“თუმცა კითხვები შეიძლება არსებობდეს მეორე მხრიდანაც, მაგრამ ეჭვების დონეზე ჩვენ ნუ გავრვცელდებით. 

 

პრემიერს შეფასებით, ის, რაც 17 მაისს მოხდა, სირცხვილია. მისი თქმით, ეს არც ქართულ ხასიათში და არც ქრისტიანულ მორალში არ ჯდება, რადგან, მისი თქმით, ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ძალადობას არ ქადაგებს. 

 

“ის, რაც მოხდა, დასაგმობია. მე ვფიქრობ, იმ სიტუაციაში პოლიციის რეაქცია და პოზიცია იყო ძალიან ადეკვატური, გაკეთდა მაქსიმუმი, რომ უმცირესობები დაიცვეს, გაარიდეს და არ მოხდა მათი დარბევა.”

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა იგი 17 მაისის ინციდენტების გამოძიებით, ივანიშვილი ამბობს, რომ გამოძიება  მთავარ სიტყვას აუცილებლად იტყვის.

 

“ეკლესიის მსახურება ვერავისთვის იქნება ალიბი, ვინც დააშავა, ვინც გადააჭარბა კანონს, ვინც მოუწოდებდა ძალადობისკენ და ვინც ძალადობდა, ყველანი დაისჯებიან. გამოძიება გრძელდება, შეიძლება მყისიერი შედეგი არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც საჭიროა, მაგრამ ჯერ არ არის დიდი დრო გასული, ვადები არ არის ისეთი, რომ საზოგადოების შფოთვა გამოიწვიოს. მინისტრის სამართლამდამცავი სტრუქტურების და მთავრობის მზაობა არის ისეთი, რომ კანონით დარღვევის ფაქტზე ყველამ უნდა აგოს პასუხი, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სასულიერო პირი. კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ. მე ვფიქრობ, რომ იმ კითხვებს, რაც ევროპის თუ ამერიკის მხრიდან არსებობს, პასუხი გაეცემა სამართალდამცავი სტრუქტურების სწორი ქმედებით. დაისჯებიან ყველანი, ვინც თავის უფლებებს გადააჭარბეს. ვარწმუნებ საზოგადობას, რომ პასუხი სახელმწიფოს მხრიდან იქნება ადეკვატური. რაღაც ეტაპზე საზოგადოება უფრო მკვეთრ ქმედებებს ელოდა და პოლიციის მხრიდან ამის შესაძლებლობა იყო, მაგრამ, ვფქირობ, რომ პოლიცია მოიქცა ადეკვატურად. ჩვენ მინიმალური ზარალი მივიღეთ. უარესი შედეგიც შეიძლებოდა. ახლა ჯობია მოხდეს ამ ადამიანების იდენტიფიკაცია და ყველას ნაწილ- ნაწილ ვაგებინებთ პასუხს, ვიდრე იმ აჟიტირებულ მასას შევბრძოლებოდით. ყველაფერი ვითარდება ლოგიკურად,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი